საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, შესაძლოა, კარიერას თურქეთში განაგრძობს. თურქული გამოცემა Takvim-ის ინფორმაციით, სტამბოლური „ფენერბაჰჩე“ ქართველი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰაკან შაფიმ, საჯაროდ განაცხადა, რომ მამარდაშვილის საკითხზე „ლივერპულთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მისი გეგმაა, გუნდიდან ხორვატი მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის გაშვება და მის ადგილას მამარდაშვილის იჯარით დამატება.

მოლაპარაკებების დეტალები

ჰაკან შაფის გაცხადებული სტრატეგიის მიხედვით, „ფენერბაჰჩე“ არა მხოლოდ იჯარას, არამედ კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების გაწერასაც ითხოვს. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს გუნდის შემადგენლობის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რადგან შაფი გეგმავს ფორვარდის, ცენტრალური მცველისა და გარემარბის დამატებასაც.

თურქული კლუბისთვის პრეზიდენტის არჩევნები 6-7 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები შესაძლოა უფრო კონკრეტულ ფაზაში გადავიდეს.

ლივერპულის გაურკვეველი მომავალი

„ლივერპულში“ მიმდინარე პროცესები მამარდაშვილის ტრანსფერს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ბრიტანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც „წითლებმა“ ალისონ ბეკერის ტრანსფერი დაბლოკეს, გიორგი მამარდაშვილის განათხოვრების საკითხი რეალური გახდა. მიზანი ქართველი მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემაა.

ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ „ლივერპულმა“ დღეს მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი დაითხოვა. ახალი დამრიგებლის მოსვლა პირდაპირ აისახება მეკარეების როტაციაზე. ნიკოლო სკირას ცნობით, მამარდაშვილისთვის პოტენციურ მსურველთა სიაში „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ფიორენტინაც“ ფიგურირებენ.

ამ ეტაპზე, „ლივერპულში“ ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე, მეკარეების პოზიციაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ არის გამორიცხული, ახალმა მწვრთნელმა ალისონის ირგვლივ არსებული ტრანსფერები გადახედოს, რაც გიორგი მამარდაშვილის მომავალზეც მოახდენს გავლენას.