UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია დღეს ოქტაგონზე თავდაჯერებულობითა და დომინანტური სტილით გამოირჩევა, თუმცა მისი კარიერის დასაწყისი სულ სხვა ემოციებთან იყო დაკავშირებული. „ელ მატადორმა“ YouTube არხ DeepCut with VicBlends-ის სტუმრობისას პირველი პროფესიონალური ორთაბრძოლის დეტალები გაიხსენა.

შიში და ეჭვი კულისებს მიღმა

თოფურიას თქმით, 2015 წელს, როდესაც პროფესიონალურ რინგზე პირველად გავიდა, თავს სრულიად დაუცველად გრძნობდა. 18 წლის მებრძოლისთვის ეს გამოცდილება ნამდვილ „ჯოჯოხეთს“ ჰგავდა.

„მახსოვს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: რატომ არ ვისწავლე? აქ რას ვაკეთებ? რატომ ვარ აქ? მეშინოდა, მაგრამ ამავდროულად უაღრესად მოტივირებული ვიყავი. ეს უცნაური შეგრძნება იყო,“ — იხსენებს ჩემპიონი.

ილიას აღიარებით, შიში იმდენად დიდი იყო, რომ სერიოზულად განიხილავდა ოქტაგონში შესვლაზე უარის თქმას. ის მზად იყო, კულისებში დარჩენილიყო და ბრძოლაში მონაწილეობა არ მიეღო.

გამარჯვება გამოცდილ მეტოქესთან

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას პროფესიონალური დებიუტი 2015 წლის 4 აპრილს, ვალენსიაში შედგა. მისი მეტოქე ფრანსისკო ხავიერ ასპრილია იყო, რომელიც იმ დროისთვის გაცილებით უფრო გამოცდილ მებრძოლად ითვლებოდა.

მიუხედავად ეჭვებისა და შიშისა, თოფურიამ ოქტაგონში შესვლა გადაწყვიტა და ბრძოლა წარმატებით დაასრულა. მან მეტოქე პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დააფინიშა, რაც მისი მომავალი წარმატებული კარიერის დასაწყისი აღმოჩნდა.

დღეს, როდესაც თოფურია მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ეს ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მენტალური სიმტკიცის მნიშვნელობას. სპორტსმენის გულწრფელობა გვიჩვენებს, რომ შიში პროფესიონალური სპორტის განუყოფელი ნაწილია, რომლის გადალახვაც ჩემპიონობისკენ მიმავალი გზის აუცილებელი ეტაპია.