მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოდკასტის წამყვანი, ჯო როგანი, ლევან საგინაშვილის ფიზიკური მონაცემებით გაოგნებული დარჩა. როგანმა, რომელმაც სტუმრად ცნობილი კანადელი მკლავჭიდელი დევონ ლარატი მიიწვია, „ქართველი ჰალკის“ ფოტოების ნახვისას ეჭვი შეიტანა მათ რეალურობაში.

როდესაც ლარატმა საგინაშვილი თავისი სპორტის „უმაღლეს წერტილად“ მოიხსენია, როგანმა პროდიუსერს მისი ფოტოების ჩვენება მოსთხოვა. კადრების ხილვის შემდეგ პოდკასტერმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სურათები ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი.

„შეხედეთ, ეს ტიპი რამხელაა! ღმერთო ჩემო, შეუძლებელია ეს რეალობა იყოს. ეს ხელოვნური ინტელექტის ფოტოა? სამეცნიერო პროექტია?“ — გაოცებას ვერ მალავდა როგანი.

დევონ ლარატი, რომელსაც ქართველ სპორტსმენთან ორჯერ უასპარეზია და ორივეჯერ დამარცხდა, საგინაშვილის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს. მისი თქმით, ლევანი წონასთან შედარებით საოცარი ძალის მქონე სპორტსმენია, რომელიც 2017 წლის შემდეგ დაუმარცხებელია.

„ის ჩვენი სპორტის უმაღლესი წერტილის განსახიერებაა. ლევანი ძალიან ჭკვიანი და კარგი ბიჭია, მაგრად მიყვარს. ყოველ ჯერზე, როდესაც შანსი მიეცა, უბრალოდ გამანადგურა“, — განაცხადა ლარატმა. კანადელმა ასევე გაიხსენა მათი პირველი შეხვედრა, რა დროსაც საგინაშვილმა მას მკლავის ორთავა კუნთი გაუწყვიტა.

ლარატმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ საგინაშვილის წინააღმდეგ ასპარეზობა ურთულესია, თუმცა სწორედ ასეთი კონკურენცია უბიძგებს მას ვარჯიშისკენ. მიუხედავად წარსული მარცხებისა, კანადელმა მკლავჭიდელმა საჯაროდ დაადასტურა, რომ სურს, ლევან საგინაშვილთან მესამე შეხვედრა გამართოს.