11 ივნისს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს დელეგაციას შორის „სავიზო დიალოგის“ პირველი შეხვედრა გაიმართება. ევროკომისიის სპიკერის, მარკუს ლამბერტის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც მიმდინარე წლის მარტში საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.
ევროპული მხარის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა „გაძლიერებული დიალოგის“ ფორმატში მიმდინარეობს. ეს პროცესი ავტომატურად იწყება მას შემდეგ, რაც ევროკომისია მესამე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას აჩერებს.
ბრიუსელში ამ შეხვედრას „ბოლო გაფრთხილებად“ განიხილავენ. წყაროების ცნობით, ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მკაფიოდ აგრძნობინებს, რომ „საქმე სერიოზულად არის“.
მარკუს ლამბერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის დემოკრატიულ ნორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვას.
„ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული და სამეცნიერო კავშირების სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა სპიკერმა.
თბილისს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია წარადგენს, რომელსაც საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი, გიორგი ტაბატაძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლის იანვარში, დეკემბრის წლიური ანგარიშის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის სრული შეჩერების საკითხს კენჭს უყრიან. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა აუცილებელი არ არის; საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.