„ლეინსტერის“ გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დადასტურდა: გუნდის კაპიტანი კელან დორისი გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატის (URC) ფინალისთვის მზადაა. ირლანდიელმა მორაგბემ მუხლის ტრავმა „სტორმერზთან“ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც მისი მონაწილეობა გადამწყვეტ მატჩში ეჭვქვეშ იდგა.
ლეო კალენის გუნდი პარასკევს, თბილისის დროით 22:30 საათზე (19:30 BST), „კროუკ პარკზე“ პრეტორიას „ბულზს“ უმასპინძლებს. სამწვრთნელო შტაბმა გასულ ნახევარფინალთან შედარებით შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა.
ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება გამოცდილი ბურჯი ტეიგ ფურლონგი, რომლისთვისაც ეს აპრილის შემდეგ პირველი სასტარტო მატჩი იქნება. ენდრიუ პორტერის ტრავმის გამო, მარჯვენა ბურჯის პოზიციას ჯერი კეჰირი დაიკავებს. ასევე, ფლანგზე ვიხილავთ ტომი ო'ბრაიენს, ხოლო ჯეიმს ლოუ, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, მოპირდაპირე ფლანგზე ითამაშებს.
„ლეინსტერის“ სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ჰუგო კინანი კვლავ ფულბეკის პოზიციას დაიკავებს. ნახევარდაცვაში კვლავ ჯემისონ გიბსონ-პარკისა და სემ პრენდერგასტის დუეტი იმოქმედებს. თადარიგშია ჰუკერი დენ შიჰანი, რომელმაც „სტორმერზთან“ შეხვედრა გამოტოვა.
მეორე ხაზში ცვლილებები არ არის – ჯო მაკკარტი და ჯეიმს რაიანი კვლავ ძირითადში იწყებენ. მესამე ხაზს კი მაქს დიგანი, ჯოშ ვან დერ ფლიერი და კაპიტანი კელან დორისი შეავსებენ. გუნდი მიზნად URC-ის ტიტულის შენარჩუნებას ისახავს, მას შემდეგ რაც მაისში ბილბაოში „ბორდოსთან“ მარცხის გამო ჩემპიონთა თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ლეინსტერმა“ ფინალში სწორედ „ბულზი“ დაამარცხა ანგარიშით 32:7. სამხრეთ აფრიკული კლუბი რევანშისთვის ემზადება, რაც პარასკევის მატჩს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.