„ნიუ იორკ ნიქსი“ კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) სუპერფინალის პირველი მონაწილეა. ტომ თიბოდოს გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „კლივლენდ კავალიერსი“ სრულიად უშანსოდ დატოვა და სერია „მშრალი“ ანგარიშით, 4:0 დაასრულა.
გამთენიისას გამართული მეოთხე შეხვედრა ნიუ იორკელთა სრული დომინაციით წარიმართა. მატჩი „ნიქსის“ გამანადგურებელი გამარჯვებით, 130:93 დასრულდა, რითაც გუნდმა ოფიციალურად გაინაღდა საგზური სუპერფინალში.
ისტორიული მიღწევა
„ნიუ იორკისთვის“ ეს გამარჯვება ისტორიული მნიშვნელობისაა. გუნდმა სუპერფინალის საგზური ბოლო 27 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა. უკანასკნელად „ნიქსი“ ფინალურ სერიაში 1999 წელს თამაშობდა, როდესაც „სან ანტონიო სპურსთან“ 1:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პლეი-ოფში „ნიქსი“ დაუმარცხებელია. გუნდმა მანამდე „ფილადელფია“ და „კლივლენდი“ იდენტური, 4:0 ანგარიშით გამოთიშა ასპარეზობას, რაც გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე მეტყველებს.
ლიდერების როლი და კლივლენდის კრახი
გადამწყვეტ მატჩში „ნიუ იორკის“ რიგებში კარლ-ენტონი თაუნსი ბრწყინვალე იყო. მან 19 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სტაბილურად გამოიყურებოდნენ გუნდის სხვა ლიდერებიც: ოჯი ანუნობიმ 17 ქულა ჩააგდო, მიკალ ბრიჯისმა და ჯეილენ ბრანსონმა კი 15-15 ქულა მიითვალეს. ლენდრი შამეტმა შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
„კლივლენდის“ მხრიდან ერთადერთი ნათელი წერტილი დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 31 ქულა დააგროვა. ევან მობლიმ 15 ქულა მიითვალა, თუმცა გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ჯეიმს ჰარდენმა, კვლავ ჩააგდო მატჩი. „წვერამ“ მხოლოდ 12 ქულის მოგროვება შეძლო, თანაც 8 სროლიდან მხოლოდ 2 ჩააგდო და 5 ბურთი დაკარგა.
რა ელის ნიუ იორკს?
„ნიქსი“ სუპერფინალში „ოკლაჰომა სითი თანდერისა“ და „სან ანტონიო სპურსის“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ნიუ იორკელი გულშემატკივრებისთვის ეს სეზონი უკვე წარმატებულად ითვლება, თუმცა გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონობის მოპოვებაა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.