ამერიკული ცურვის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი წარმომადგენელი, 12-გზის ოლიმპიური პრიზიორი რაიან ლოხტე ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. 41 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისური შტატის უნივერსიტეტის ცურვისა და ხტომების პროგრამას ასისტენტ-მწვრთნელის რანგში უერთდება.

კარიერულ ცვლილებაზე მეტად, საზოგადოების ყურადღება ლოხტეს ვიზუალურმა ტრანსფორმაციამ მიიპყრო. ვიდეოში ის ადრინდელი, სუფთად გაპარსული „ოლიმპიური იმიჯის“ ნაცვლად, შეცვლილი ვარცხნილობითა და წვერით გამოჩნდა. ბევრმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ სპორტსმენი თითქმის უცნობი გახდა.

„სათვალეები წამზომით შევცვალე“

თავად ლოხტეს თქმით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო წლებში სამწვრთნელო საქმიანობამ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. სპორტსმენმა იუმორით აღნიშნა, რომ აუზში ასპარეზობა მწვრთნელობამ ჩაანაცვლა.

„ბოლო წლებში მოულოდნელი რამ მოხდა — აღმოვაჩინე, რომ მწვრთნელობა შესაძლოა უფრო მეტად მიყვარდეს, ვიდრე შეჯიბრება. ასე რომ, ჩემი საცურაო სათვალეები წამზომით შევცვალე და გულახდილად ვიტყვი, ეს როლი საკმაოდ კარგად მომერგო“, — განაცხადა ლოხტემ.

უნივერსიტეტის პოზიციაზე მისი დანიშვნა საბოლოო პროცედურების დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

სპორტული მემკვიდრეობა და პირადი ცხოვრება

რაიან ლოხტე წლების განმავლობაში მაიკლ ფელპსთან ერთად ამერიკული ცურვის მთავარი სახე იყო. 2004-დან 2016 წლის ოლიმპიადების ჩათვლით, მან ექვსი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. მისი კარიერა მხოლოდ სპორტული მიღწევებით არ შემოიფარგლებოდა; ის არაერთი რეალითი-შოუს მონაწილე და მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი პერსონა იყო.

პროფესიული წინსვლის პარალელურად, ლოხტეს პირადი ცხოვრება სირთულეებითაა სავსე. მეუღლესთან, კაილა რეი რეიდთან, შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინების პროცესი მიმდინარეობს. წყვილს სამი შვილი ჰყავს. მიუხედავად საჯარო განხილვებისა, ლოხტე ამჟამად ყურადღებას ახალ კარიერულ გამოწვევაზე ამახვილებს, რასაც მისი ამჟამინდელი პარტნიორი, მოლი გილიჰამიც საჯაროდ მიესალმა.