ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენიდან“ წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ფრანგული გამოცემა Peuple Vert-ზე დაყრდნობით, Foot01 წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას კარგად ესმის რეალობა: ისინი ვერ შეძლებენ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის გუნდში კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებას.
საფრანგეთში მიმდინარე პროცესები მიუთითებს, რომ „სენტ-ეტიენი“ უკვე აქტიურად მუშაობს ახალი გარემარბებისა და თავდამსხმელების დამატებაზე. ლუკას სტასინთან ერთად, დავითაშვილი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომელთა წასვლაც გარდაუვალია.
ვინ არის დაინტერესებული დავითაშვილით?
25 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ბოლო პერიოდში მისი სახელი დაუკავშირდა ისეთ კლუბებს, როგორებიცაა „ბენფიკა“, „რენი“, „ჰოფენჰაიმი“ და „ტრაბზონსპორი“.
პორტუგალიელი ჟურნალისტის, ლუიშ პინტუს ცნობით, „ბენფიკა“ მზადაა, დავითაშვილის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. თუმცა, „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნები გაცილებით მაღალია.
ფინანსური დეტალები და მოლაპარაკებები
თურქული გამოცემა Futs Haber-ის ინფორმაციით, „ტრაბზონსპორსა“ და „სენტ-ეტიენს“ შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. მიზეზი კლუბის პრინციპული პოზიციაა — ფრანგული მხარე ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და ფასის დაკლებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი მამუკა ჯუღელის სააგენტოსთან (Jugeli Sports) თანამშრომლობს. მისი კონტრაქტი „სენტ-ეტიენთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული, Transfermarkt კი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას 12 მილიონ ევროდ აფასებს.
სეზონის განმავლობაში დავითაშვილმა დაამტკიცა, რომ ლიგა 2-ის დონეს უკვე გაზრდილია. ფრანგული მედიის შეფასებით, მისი კარიერული წინსვლა ახლა მხოლოდ დროის საკითხია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.