Apple-მა დააანონსა, რომ თავის ვიზუალურ სკრიპტინგის ხელსაწყოს, Shortcuts-ს, მნიშვნელოვნად აახლებს. iOS 27-ის მოსვლასთან ერთად, აპლიკაცია Apple Intelligence-ის მხარდაჭერას მიიღებს, რაც ავტომატიზაციის პროცესს რადიკალურად ამარტივებს.
წლების განმავლობაში Shortcuts-ი ძირითადად „პაუერ იუზერებისთვის“ ანუ გამოცდილი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი. რთული სქემებისა და ცვლადების აწყობა მათთვის იყო მარტივი, ვისაც ტექნიკური უნარები გააჩნდა. ახლა კი Apple-მა გადაწყვიტა, ეს ბარიერი მოხსნას.
როგორ იმუშავებს განახლებული Shortcuts?
ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სასურველი მოქმედება უბრალოდ აღწეროს. Apple Intelligence გააანალიზებს ბრძანებას და საჭირო ნაბიჯებს დამოუკიდებლად ააწყობს. მაგალითად, თუ გსურთ, რომ სამსახურიდან გამოსვლისას ტელეფონმა ავტომატურად გაუგზავნოს შეტყობინება თქვენს მეუღლეს მოსვლის სავარაუდო დროსთან ერთად, აღარ მოგიწევთ აპლიკაციების ხელით გათვლა.
თქვენ უბრალოდ დაწერთ მოთხოვნას, სისტემა კი თავად დააკავშირებს რუკებს, შეტყობინებების აპლიკაციასა და თქვენს შენახულ მისამართებს. ეს პროცესი გამორიცხავს საჭიროებას, მომხმარებელმა იცოდეს, რომელი ცვლადი ან აპლიკაციის ქმედებაა საჭირო კონკრეტული შედეგის მისაღებად.
მარტივი რედაქტირება
მნიშვნელოვანია, რომ შექმნილი ავტომატიზაციები სტატიკური არ არის. მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შეცვალოს უკვე არსებული სკრიპტი. საკმარისია, დაამატოთ ახალი დეტალი — მაგალითად, „სამსახურიდან წამოსვლისას ჩამირთე საყვარელი პოდკასტი“ — და სისტემა ავტომატურად გადააკეთებს არსებულ ჯაჭვს.
სელცია დანტასმა, Apple-ის პროდუქტების მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა, აღნიშნა, რომ მიუხედავად Shortcuts-ის დიდი პოტენციალისა, წინა ვერსიები ბევრი მომხმარებლისთვის ზედმეტად რთული იყო. ახალი განახლება მიზნად ისახავს, ტექნოლოგიური შესაძლებლობები ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
iOS 27-ის ოფიციალური რელიზი შემოდგომაზეა დაგეგმილი, სწორედ მაშინ გახდება ეს ფუნქცია საჯაროდ ხელმისაწვდომი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.