გლობალური მოდის ინდუსტრია ეკოლოგიურ კრიზისშია, თუმცა პრობლემის მასშტაბი იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე მხოლოდ ნახმარი ტანსაცმლის გადაყრა. ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) და SINTEF-ის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ტექსტილის მნიშვნელოვანი ნაწილი ნარჩენად იქცევა ჯერ კიდევ მანამ, სანამ მზა ტანსაცმელი მომხმარებლის ხელში მოხვდება.

კვლევის თანახმად, ბამბის მაისურის წარმოებისას გამოყენებული მასალის დაახლოებით 44% იკარგება წარმოების პროცესში. ეს მაჩვენებელი მკვლევარებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან საზოგადოებრივი დისკუსია ძირითადად ტანსაცმლის სიცოცხლის ციკლის დასასრულზე — ანუ მის გადაყრაზეა ორიენტირებული.

წარმოების პროცესის ხარვეზები

რაკიბ აჰმედმა, კვლევის ავტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე ეკოლოგიური პოლიტიკა ხშირად უგულებელყოფს მწარმოებელთა ჯაჭვს. მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნები აქტიურად ნერგავენ მეორადი ტანსაცმლის შეგროვების სისტემებს, წარმოების ეტაპზე დაშვებული დანაკარგები კვლავ უყურადღებოდ რჩება.

მკვლევარებმა გააანალიზეს ბამბის მაისურის „მოგზაურობა“ და დაადგინეს, რომ არსებული მეთოდებით, მასალების მხოლოდ 17%-ის რეციკლირებაა შესაძლებელი. ეს იმ პირობებში, როცა მაისური ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გადამუშავებადი სახეობაა.

გამოსავალი: ეფექტიანობა და თანამშრომლობა

კვლევის მიხედვით, მეთოდების გაუმჯობესების შემთხვევაში, რეციკლირებადი მასალების წილი 44%-მდე გაიზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წარმოების უფრო ეფექტიანი პროცესები სათბურის აირების ემისიას დაახლოებით 10%-ით შეამცირებს, ხოლო სხვა ეკოლოგიურ ზემოქმედებას 20-25%-ით.

„თუ გვსურს, რომ ევროკავშირის ინიციატივებმა შედეგი გამოიღოს, ძალისხმევა წარმოების ჯაჭვის ზედა საფეხურებზე უნდა გადავიტანოთ“, — განაცხადა კრისტინა მეშკერსმა, კვლევის თანაავტორმა. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობებს, ბრენდებსა და მწარმოებლებს შორის, ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული — საბოლოო პროდუქტის შექმნით დამთავრებული.

ტექსტილის ინდუსტრია გლობალური სათბურის აირების დაახლოებით 10%-ს გამოყოფს, რაც საჰაერო მიმოსვლაზე მეტია. შესაბამისად, წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს აუცილებელი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების შესამცირებლად.