Ferrari-ს პირველი სრულად ელექტრონული მოდელი, სახელად Luce, უკვე ოფიციალურად წარდგენილია, თუმცა ავტომობილის დებიუტს თან სდევს კრიტიკის ტალღა, რომელიც იშვიათად თუ ახსოვს საავტომობილო ინდუსტრიას. ხუთადგილიანი ავტომობილის დიზაინზე Apple-ის ყოფილმა დიზაინერმა, ჯონი აივმა და მისმა ფირმამ, LoveFrom-მა იმუშავეს.

ტექნიკური მონაცემები vs ვიზუალი

ტექნიკური თვალსაზრისით, Luce შთამბეჭდავია. ავტომობილი 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ს 2 წამზე ცოტა მეტ დროში ავითარებს. მიუხედავად ამისა, სოლი ფორმის დიზაინი, რომელიც ბევრს Nissan-ის მოდელებს აგონებს, კრიტიკოსების და ავტომოყვარულების მწვავე დაცინვის ობიექტი გახდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ნეგატიური რეაქციების ფონზე, კომპანიის აქციების ფასიც შემცირდა. Bloomberg-ის შეფასებით, ახალი მოდელის დიზაინი კომპანიის ტრადიციული ესთეტიკისთვის „საკმაოდ დიდი გადახვევაა“.

ვისთვის არის შექმნილი Luce?

მთავარი კითხვა, რაც ამ ავტომობილის გარშემო ისმის, არის მისი სამიზნე აუდიტორია. 650 000 დოლარიანი ფასით და Ferrari-ს ჩვეული ექსკლუზიურობით, ეს ავტომობილი მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი არ არის.

  • არსებული მფლობელები: Ferrari-ს კლიენტების 80%-ზე მეტი ბრენდის ერთგულია. თუმცა, უცნობია, რამდენად მიმზიდველი იქნება მათთვის მოდელი, რომელსაც აკლია Ferrari-სთვის დამახასიათებელი აგრესიული ხაზები.
  • რეგულაციები: ევროკავშირის მიერ 2035 წლისთვის დაწესებული შეზღუდვები შიდა წვის ძრავებზე ავტომწარმოებელს აიძულებს ადაპტირდეს. ჯონი აივის თქმით, ეს პროცესი ჰგავს შვეიცარიული საათების მწარმოებელ Patek Philippe-ს, რომელსაც მექანიკური საათებიდან კვარცის ტექნოლოგიაზე გადასვლა მოუწია.
  • ჩინეთის ბაზარი: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Ferrari-ს მთავარი მიზანი ჩინეთია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი მომხმარებლები Ferrari-ს გაყიდვების მხოლოდ 10%-ს შეადგენენ, Luce-ს დიზაინი სწორედ იმ სტილს იმეორებს, რომელიც ჩინურ ელექტრომობილების ბაზარზეა პოპულარული.

Ferrari-ს კომერციული დირექტორის განცხადებით, მათ სურდათ Luce ყოფილიყო „პოლარიზებული“ პროდუქტი. უფრო მეტიც, კომპანია მიზნად ისახავს მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ ელექტრომობილი, რაც Ferrari-სთვის რადიკალური ცვლილებაა.