Framework-ის ახალი ფლაგმანური ლეპტოპის, Laptop 13 Pro-ს მფლობელებს მოწყობილობის მისაღებად დაგეგმილზე მეტი ლოდინი მოუწევთ. კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პირველი პარტიის მიწოდება ივნისის ნაცვლად ივლისში დაიწყება, თუმცა შესაძლოა, პროცესი აგვისტომდეც გაიწელოს.
კომპანიის განცხადებით, დაყოვნების მთავარი მიზეზი წარმოების პროცესში აღმოჩენილი ორი ტექნიკური ხარვეზია, რომლებიც სენსორულ პანელსა (haptic trackpad) და ლეპტოპის ეკრანს უკავშირდება. Framework-ის გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათთვის პრიორიტეტული პროდუქტის საიმედოობაა, რის გამოც მასობრივი წარმოების დაწყება შეჩერდა.
სენსორულ პანელთან დაკავშირებული პრობლემა ელექტრონულ სქემას (PCB) ეხება. ტესტირებისას დადგინდა, რომ განმეორებითი დაჭერისას პანელი ავტომატურად გადაიტვირთებოდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა სქემის დიზაინის შეცვლა და ახალი კომპონენტების დამზადება, რაც მიწოდების ვადებზე პირდაპირ აისახა.
ანალოგიური სიტუაციაა დისპლეის შემთხვევაშიც. მწარმოებელმა, კომპანია CSOT-მა, გამოავლინა ხარვეზი, რომელიც ეკრანის ინიციალიზაციას აფერხებდა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი პროგრამული უზრუნველყოფის (firmware) დანერგვა, რომელიც, კომპანიის ვარაუდით, სენსორული პანელის განახლებულ მოდულებთან ერთად იქნება მზად.
რა ბედი ეწევა უკვე შეკვეთილ ლეპტოპებს?
მომხმარებლები, რომლებმაც ლეპტოპის წინასწარი შეკვეთა უკვე გააფორმეს, ელექტრონული ფოსტით ინფორმირებულნი არიან. კომპანია იძლევა გარანტიას, რომ თუ მიწოდების ვადების ცვლილება მომხმარებლისთვის მიუღებელია, მათ შეუძლიათ შეკვეთის გაუქმება და ანაბრის სრული თანხის დაბრუნება.
აღსანიშნავია, რომ Intel Core Ultra Series 3-ის მქონე ახალი Mainboard-ების გაგზავნა გრაფიკის მიხედვით, ივნისში დაიწყება. თუმცა, იმის გამო, რომ სრული სისტემის მიმოხილვები ივლისამდე გადაიდო, მომხმარებლებს მოუწევთ დაეყრდნონ მხოლოდ წინასწარ გამოქვეყნებულ საცდელ მასალებს.
Framework-ი აცხადებს, რომ აგვისტოსთვის წარმოების პროცესი დაგეგმილ ტემპს დაუბრუნდება და შემდგომი დაყოვნებები არ არის მოსალოდნელი. კომპანიის წარმომადგენლები მადლობას უხდიან მომხმარებლებს მოთმინებისთვის და პირობას დებენ, რომ საბოლოო პროდუქტი უმაღლესი სტანდარტის იქნება.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.