უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ფრონტის ხაზიდან 900 კილომეტრზე მეტით დაშორებულ ობიექტზე წარმატებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამიზნე ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩებოქსარში მდებარე სამხედრო ქარხანა გახდა.

შეტევისთვის გამოყენებულ იქნა FP-5 Flamingo-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, 3000 კილომეტრამდე მანძილზე მოქმედებენ. ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე ვიდეოც გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, რაკეტის ფრენა და დარტყმის შედეგად წარმოქმნილი კვამლი ჩანს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩებოქსარში განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ჩუვაშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ოლეგ ნიკოლაევმა დაადასტურა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა, თუმცა კონკრეტულად VNIIR-Progress-ის ქარხნის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ დაუზუსტებია. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

ამ შეტევის პარალელურად, უკრაინამ იერიში მიიტანა მარიუპოლის ოკუპირებულ პორტზე, სამარაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და შავ ზღვაში მცურავ ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტის“ ნავთობტანკერზე. კიევი ხაზს უსვამს, რომ რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ის ოკუპანტი არმიის საომარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

გასულ ღამეს ორივე მხარეს ინტენსიური საჰაერო შეტაკებები ჰქონდა. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათ სხვადასხვა რეგიონში 326 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 207 დრონიდან 181-ის განადგურება შეძლეს, თუმცა 14 ლოკაციაზე 21 პირდაპირი მოხვედრა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ოთხ რეგიონში განხორციელებული შეტევების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, თითქოს რუსული ჯარები ფრონტის მთელ ხაზზე წინ მიიწევენ, ფაქტობრივი მონაცემები მიუთითებს, რომ საბრძოლო ხაზი უკანასკნელი თვეების განმავლობაში პრაქტიკულად სტატიკურია.