ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ახალი ტენდენცია იკვეთება — თითქმის ყველა მსხვილი მოთამაშე ცდილობს თავისი პროექტები Grand Theft Auto VI-ის გამოსვლის თარიღს, 19 ნოემბერს აარიდოს. მიუხედავად იმისა, რომ Rockstar Games-ის ჰიტი Summer Game Fest-ზე არ ყოფილა წარმოდგენილი, მისი გავლენა იგრძნობოდა ყველა მნიშვნელოვანი ანონსის დროს.
ნოემბერი, რომელიც ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თვეა, წელს პრაქტიკულად ცარიელია. სამაგიეროდ, სექტემბერი და ოქტომბერი უპრეცედენტოდ გადაიტვირთა სხვადასხვა დონის პროექტებით. [[MEDIA:e9_pg896v6s]]
სექტემბრის გადატვირთული კალენდარი
სექტემბერი იქცა მთავარ ასპარეზად იმ თამაშებისთვის, რომლებიც Rockstar-ის გიგანტს ერიდებიან. Sony-ს State of Play-ზე ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში გამოდის არაერთი დიდი პროექტი:
- Wolverine — 15 სექტემბერი
- Dune: Awakening — 22 სექტემბერი
- Control Resonant და Silent Hill: Townfall — 24 სექტემბერი
- Onimusha: Way of the Sword — 25 სექტემბერი
- Ace Combat 8 — 2 ოქტომბერი
ეს ჩამონათვალი ემატება უკვე დაანონსებულ Call of Duty: Modern Warfare 4-ს, რომელიც ოქტომბერში გამოდის. შედეგად, მოთამაშეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება ერთმანეთთან ძალიან ახლოს გამოსულ AAA კლასის თამაშებს შორის.
ინდუსტრიის გიგანტების სტრატეგია
Microsoft-მა უკვე დაადასტურა, რომ Fable-ის გამოშვება 2027 წლამდე გადაიდო. კომპანიის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ GTA VI-ით გადატვირთული ბაზარია. მსგავსი სტრატეგია აირჩიეს სხვებმაც, მათ შორის Capcom-მა და Bandai Namco-მ, რომელთა პროექტების ნაწილი 2027 წლისთვის გადაიტანეს.
Take-Two-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტრაუს ზელნიკმა, ღიად განაცხადა, რომ კომპანია GTA VI-ის გაყიდვებით სარეკორდო მაჩვენებლების მიღწევას გეგმავს. ეს არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ნაწილმა 230 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა.
გამონაკლისი Nintendo?
ერთადერთი კომპანია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს GTA-ს „შემშინებელთა“ სიაში, Nintendo-ა. მათ თავიანთი გეგმები არ გაუჯარებიათ, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია Switch 2-ისთვის მნიშვნელოვან ანონსებს გააკეთებს. [[MEDIA:5jgItPVHs3I]]
მიუხედავად ინდუსტრიაში არსებული შიშისა, ზოგიერთი დეველოპერი თავდაჯერებულია. მაგალითად, Control Resonant-ის კრეატიული დირექტორი მიქაელ კასურინენი აცხადებს, რომ ისინი ენდობიან თავიანთ პროდუქტს და სჯერათ მისი უნიკალურობის, მიუხედავად მკაცრი კონკურენციისა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.