1960-იანი წლების იაპონიაში პოლიციამ საპატრულო საქმიანობისთვის ოთხი Porsche 912 შეარჩია. დღეს ამ ავტომობილებიდან მხოლოდ ერთი არსებობს. ეს არის უნიკალური ეგზემპლარი, რომელმაც რთული გზა გაიარა და საბოლოოდ სრული რესტავრაცია დაჭირდა.
ავტომობილი კანაგავას პრეფექტურის პოლიციაში 1968-დან 1973 წლამდე მსახურობდა. ის ძირითადად „დაისან კეიჰინისა“ და „ტომეის“ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე პატრულირებდა. ხუთწლიანი სამსახურის განმავლობაში მან 155 000 კილომეტრზე მეტი გაიარა და პოლიციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი დავალება შეასრულა, მათ შორის 178 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი დამრღვევის შეჩერებაც.
პოლიციის ავტომობილების უმეტესობა სამსახურებრივი ვადის ამოწურვის შემდეგ ჯართდება, თუმცა ეს კონკრეტული Porsche გამონაკლისი აღმოჩნდა. ძრავის გაუმართაობის გამო პენსიაზე გასვლის შემდეგ, ავტომობილი პოლიციის აკადემიაში გადაიტანეს, სადაც ის 26 წლის განმავლობაში გამოფენილი იყო.
დროთა განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ყოფნამ მანქანა დააზიანა. 1999 წელს ის ჯართის შემგროვებელ პუნქტში მოხვდა. თუმცა, ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ავტომობილის გადარჩენა და მისი ისტორიული სახით შენარჩუნება მაინც მოხერხდა.
არქივში დაცული ფოტოები გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ეს 912-ები სამსახურში ყოფნისას. დღეს ეს მოდელი არა მხოლოდ საავტომობილო ინჟინერიის, არამედ იაპონიის სამართალდამცავი ორგანოების ტექნიკური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.