აშშ-ის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა. გლობალური ანალიტიკური ცენტრის, Ember-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში მზის ენერგიამ ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებაში 12.8%-იანი წილი დაიკავა, რითაც პირველად ისტორიაში ნახშირს გაუსწრო.

ამავე პერიოდში ნახშირის წილი 12.2%-მდე შემცირდა, რაც ამ ენერგორესურსისთვის ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ექსპერტების შეფასებით, ეს ტენდენცია მზის ენერგიის მზარდ პოტენციალზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მიღწევა იმ ფონზე ფიქსირდება, როდესაც აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ნახშირის ინდუსტრიის ხელშესაწყობად მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, დაახლოებით 700 მილიონ დოლარს, მიმართავს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ნახშირი კვლავ რჩება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტად.

თუმცა, ენერგეტიკული ბაზრის ანალიტიკოსები სხვა რეალობაზე მიუთითებენ. Solar Energy Industries Association-ის (Seia) მონაცემებით, მზის ენერგია უკვე ხუთი წელია, ახალი სიმძლავრეების დამატების კუთხით ლიდერია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველა ახალი ენერგოობიექტის 91% მზის პანელებსა და აკუმულატორულ სისტემებზე მოდიოდა.

რატომ იცვლება ბალანსი?

ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აშშ-ში წლების განმავლობაში სტაბილური იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ის იზრდება. ამის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარება, წარმოების გაფართოება და ტრანსპორტის ელექტრიფიკაციაა. Ember-ის ანალიტიკოსის, ნიკოლას ფულგამის თქმით, მზის ენერგია მალე ნახშირს წლიურ ჭრილშიც საბოლოოდ ჩაანაცვლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციამ არაერთი მზისა და ქარის ენერგიის პროექტი შეაჩერა, ინვესტორები არჩევანს უფრო მომგებიან და სწრაფად მზარდ სექტორებზე აკეთებენ. მზის ენერგიის ტექნოლოგიები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ზრდის.

გლობალური მასშტაბით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, 2030 წლისთვის განახლებადი წყაროები მსოფლიო ელექტროენერგიის გამომუშავების თითქმის 45%-ს უზრუნველყოფენ. აშშ-ში დაფიქსირებული მაჩვენებელი კი ამ გლობალური გარდამავალი პროცესის ნაწილია.