ვიდეოთამაშების კოლექციონერულ ბაზარზე ახალი ისტორიული რეკორდი დამყარდა. Heritage Auctions-ზე Super Mario Bros.-ის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი, ქარხნულად დალუქული ასლი 3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება წინა რეკორდს, რომელიც 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც იმავე თამაშის კიდევ ერთმა ასლმა 2 მილიონი დოლარი შეადგინა.

რატომ ღირს თამაში ასე ძვირი?

აღნიშნული ეგზემპლარი კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს. ექსპერტების შეფასებით, ეს არის 1989 წლის მეორე ტირაჟის თამაში, რომელიც შეფუთულია არა სტანდარტული ცელოფნით, არამედ სპეციალური პრიალა სტიკერით. ეს შეფუთვის მეთოდი მწარმოებელმა მალევე შეწყვიტა, რაც ამ ასლს ერთადერთ და უნიკალურს ხდის.

Professional Sports Authenticator-მა თამაშს 9.6 A++ შეფასება მიანიჭა, რაც მისი იდეალური მდგომარეობის დასტურია. აუქციონის სახლის განცხადებით, ეს არის მსოფლიოში ცნობილი, დალუქული Super Mario Bros.-ის ყველაზე ადრეული ვერსია.

ბაზრის ზრდა და ტენდენციები

რთული დასაჯერებელია, მაგრამ მხოლოდ 2020 წლის ივლისში, იმავე Heritage Auctions-ზე Super Mario Bros.-ის ასლი 114 000 დოლარად გაიყიდა, რაც მაშინ რეკორდული მაჩვენებელი იყო. დღევანდელი გადასახედიდან, ეს ფასი კოლექციონერებისთვის „ხელმისაწვდომ გარიგებად“ გამოიყურება.

ვიდეოთამაშების, როგორც საინვესტიციო აქტივის ფასი ბოლო წლებში კატასტროფულად გაიზარდა. ცოტა ხნით ადრე, Super Mario 64-ის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და მისი 1.56 მილიონ დოლარად გაყიდვა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ფინანსური ბუმისა, რომელსაც რეტრო-გეიმინგის სფერო განიცდის.

რა მოჰყვება შენაძენს?

აუქციონის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს კოლექციონერების შესაძლო ცნობისმოყვარეობაც. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გადაწყვეტს თამაშის ორიგინალი შეფუთვა გახსნას, Heritage Auctions მას დამატებით საჩუქარს — NES-ის კონსოლს გადასცემს, რათა მან ლეგენდარული თამაშის გამოცდა პრაქტიკაში შეძლოს.