იტალიის დედაქალაქი მიგრაციის პოლიტიკის გარშემო დაპირისპირებამ მოიცვა. ათასობით ადამიანმა მონაწილეობა მიიღო როგორც მიგრაციის შემზღუდველი, ისე მისი მხარდამჭერი აქციებში, რამაც რომის ქუჩებში დაძაბული ვითარება შექმნა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პარლამენტში განსახილველად შევიდა პეტიცია სახელწოდებით „რემიგრაცია და ხელახალი დაპყრობა“. ინიციატივა ითხოვს მიგრანტების მიმართ მკაცრ ზომებს, მათ შორის, იძულებით დაბრუნებას სამშობლოში.

რომის პრატის უბანში მიგრაციის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც ნეოფაშისტური ჯგუფის, Casapound-ის წარმომადგენლებმა ღიად მოითხოვეს არა მხოლოდ არალეგალების, არამედ იმ ლეგალური მიგრანტების დეპორტაციაც, რომლებიც, მათი აზრით, იტალიურ საზოგადოებას არ ასიმილირებია. სააგენტო AP-ის ცნობით, აქციის მონაწილეების ნაწილი ფაშისტურ სალამს იყენებდა და ბენიტო მუსოლინის სახელს სკანდირებდა.

პარალელურად, ქალაქის სხვა ნაწილში გაცილებით მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მიგრაციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. პოლიციამ ორი ჯგუფის ერთმანეთთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო.

პოლიტიკური დილემა მელონისთვის

პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიცია რთული არჩევანის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის წევრი პარტია „ლიგა“ პეტიციის განხილვას უჭერს მხარს, მელონის პარტია და ცენტრისტული მოკავშირეები ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ, რათა ექსტრემისტულ წრეებთან ასოცირება თავიდან აიცილონ.

ოპოზიცია და სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ „რემიგრაციის“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება იტალიის კონსტიტუციას. ანჯელო ბონელის თქმით, ეთნიკურ და კულტურულ ნიშნით გამორიცხვა კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.

საინტერესოა, რომ ეს დაპირისპირება პარალელურად მიმდინარეობს მთავრობის იმ პოლიტიკასთან, რომელიც ლეგალური მიგრაციის გაფართოებას ისახავს მიზნად. მელონის კაბინეტმა უკვე დაამტკიცა მრავალწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ასობით ათასი მუშახელი უნდა შემოვიდეს იტალიის ეკონომიკის გადასარჩენად.