TikTok, რომელიც მსოფლიომ ვიდეოების გასართობ პლატფორმად გაიცნო, სტრატეგიას რადიკალურად ცვლის. კომპანია „სუპერ აპლიკაციის“ კონცეფციას ავითარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს აპლიკაციის დატოვების გარეშე შეეძლება თითქმის ყველა ციფრული საჭიროების დაკმაყოფილება.

ტურიზმიდან ფინანსებამდე

TikTok-მა ახლახან აშშ-ში გაუშვა სერვისი TikTok GO. ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ აპლიკაციაში აღმოაჩინონ და დაჯავშნონ სასტუმროები თუ სხვადასხვა ტურისტული გამოცდილება. ვიდეო კონტენტი, რომელიც აქამდე მხოლოდ თვალიერებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა პირდაპირ გაყიდვების მამოძრავებელი გახდა.

ამ ნაბიჯით TikTok პირდაპირ უპირისპირდება ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა Google Search და Google Maps. თუ ადრე მომხმარებელი ინფორმაციის გადასამოწმებლად სხვა პლატფორმებზე გადადიოდა, ახლა აპლიკაცია ამ პროცესს სრულად ინტეგრირებულს ხდის.

ფინანსური ამბიციები

კომპანია კიდევ უფრო შორს მიდის და ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს ფინტექ-ლიცენზიებისთვის მიმართა. TikTok გეგმავს საკუთარი წინასწარ გადახდის ანგარიშების დანერგვას, რაც მომხმარებლებს თანხის შენახვისა და გადახდების განხორციელების საშუალებას მისცემს. ასევე განიხილება საკრედიტო მომსახურების გაწევაც.

TikTok Shop-ის წარმატება

„სუპერ აპლიკაციის“კენ სვლა TikTok Shop-ით დაიწყო. 2024 წელს პლატფორმის აშშ-ის გაყიდვები 407%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წელს ზრდამ კიდევ 108% შეადგინა. კომპანია უკვე წარმატებით უწევს კონკურენციას ისეთ საცალო მოვაჭრეებს, როგორიცაა Amazon და Shein.

გარდა ვაჭრობისა, TikTok აქტიურად ავითარებს:

  • გართობას: Minis სექციით და მოკლე სერიალებით, რაც Netflix-ს კონკურენციას უწევს.
  • თამაშებს: ინ-აპ თამაშებით, რომლებიც მომხმარებლის ჩართულობას ზრდის.
  • ადგილობრივ ძიებას: რესტორნების, მაღაზიებისა და ღონისძიებების დეტალური ინფორმაციით.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური სტრიმინგის სერვისი TikTok Music წარუმატებელი აღმოჩნდა, კომპანიამ არ მიატოვა მუსიკალური მიმართულება და ახლა Apple Music-თან თანამშრომლობით ფუნქციებს ავითარებს. TikTok-ის მიზანი ცხადია: გახდეს ერთადერთი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლის დღის განრიგს სრულად აკონტროლებს.