ევროპული ციფრული სუვერენიტეტის იდეით შექმნილი მიკრობლოგინგის პლატფორმა W Social, რომელიც X-ის ალტერნატივად პოზიციონირებს, სკანდალში ეხვევა. პლატფორმა, რომელიც Bluesky-ის ტექნოლოგიურ ბაზაზეა აგებული, ევროპაში მონაცემთა ჰოსტინგსა და იდენტიფიკაციის გამკაცრებას ჰპირდებოდა მომხმარებლებს.

თუმცა, ბოლო დღეებში გაირკვა, რომ კომპანიამ საკუთარი აპლიკაციის საჯარო კოდი (GitHub რეპოზიტორია) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაშალა. ეს ნაბიჯი უპრეცედენტოა ღია კოდის (open source) საზოგადოებაში.

სიტუაციას უფრო მწვავეს ხდის ის ფაქტი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და თავად ევროკომისიის ოფიციალური ანგარიშები უკვე გადავიდა W Social-ის სერვერებზე. ეს მონაცემები დადასტურებულია ATproto-ს ინდექსირების სისტემების მიერ.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ტექნოლოგიური სუვერენიტეტის პაკეტი პირდაპირ მოუწოდებს საჯარო ინსტიტუტებს, გამოიყენონ ღია კოდის გადაწყვეტილებები. W Social-ის მიერ კოდის დახურვა პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ სტრატეგიას.

Small Technology Foundation-ის თანადამფუძნებელი არალ ბალკანი აღნიშნავს, რომ კოდის ასეთი ფორმით გაქრობა საგანგაშო ნიშანია. „სტანდარტული პრაქტიკა არის ძველი რეპოზიტორიის დეპრეცირება და ახალზე მითითება, მაგრამ არა მისი სრული წაშლა“, — აცხადებს ბალკანი.

კრიტიკოსები ასევე მიუთითებენ კომპანიის მენეჯმენტის კავშირებზე დიდ ტექნოლოგიურ კორპორაციებთან. W Social-ის მრჩეველთა საბჭოში შედიან პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ისეთ პროექტებთან, როგორიცაა Tools for Humanity და OpenAI.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების კუთხით. ევროპული საჯარო ინსტიტუტების მიერ ასეთი გაუმჭვირვალე პლატფორმის არჩევა კითხვებს ბადებს მათივე due diligence-ის პროცესის მიმართ.

ამ დრომდე უცნობია, იცოდნენ თუ არა ევროკომისიის წარმომადგენლებმა პლატფორმის „დახურვის“ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. საინტერესოა, რომ არსებობს ალტერნატიული, სრულად გამჭვირვალე ევროპული ქსელი — Eurosky, რომელიც არაკომერციული ფონდის მიერ იმართება, თუმცა ინსტიტუტებმა არჩევანი მაინც W Social-ზე შეაჩერეს.