ათწლეულების განმავლობაში, პირადი ფინანსების დაგეგმვისას „30%-იანი წესი“ ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად ითვლებოდა. მისი არსი მარტივია: თქვენი შემოსავლის არაუმეტეს 30% უნდა იხარჯებოდეს საცხოვრებელზე, რათა დარჩენილი თანხა საკმარისი იყოს ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
თუმცა, დღევანდელ რეალობაში ეს წესი სულ უფრო ნაკლებად პრაქტიკულია. ცხოვრება გაძვირდა: საკვები პროდუქტები, საწვავი და სხვა აუცილებელი ხარჯები გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე საშუალო ხელფასი. აშშ-ის 50 უდიდეს მეტროპოლიაში ბინის ქირის მედიანური ფასი 1 686 დოლარია, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 17.2%-ით მეტია.
საიდან მოდის ეს წესი?
„30%-იანი წესი“ ფედერალური საბინაო სახელმძღვანელო პრინციპებიდან მომდინარეობს. ის თავდაპირველად გამოიყენებოდა იმის დასადგენად, იყო თუ არა საცხოვრებლის ღირებულება გონივრული. დღეს მას ხშირად იყენებენ მემამულეები და ონლაინ კალკულატორები, თუმცა ფინანსური კონსულტანტები აფრთხილებენ, რომ ეს მიდგომა ზედმეტად გამარტივებულია.
ფინანსური მრჩეველი ლინდა გრიზელი აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ფორმალურად იცავენ ამ წესს, მაინც განიცდიან ფინანსურ სტრესს. პრობლემა მხოლოდ ქირა არ არის, არამედ მთლიანი ფინანსური ვალდებულებების ერთობლიობა.
მთავარი ხარვეზი: ბრუტო შემოსავალი
წესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ის ეყრდნობა ბრუტო შემოსავალს (დაბეგვრამდე) და არა რეალურად ხელზე ასაღებ თანხას. მაგალითად, წლიური 84 000 დოლარის შემოსავლის მქონე ოჯახი, საშემოსავლო გადასახადების, საპენსიო შენატანებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ, რეალურად გაცილებით ნაკლებ თანხას განკარგავს.
ამ გამოქვითვების შემდეგ, 2 100 დოლარის ქირა, რომელიც თეორიულად 30%-ს შეადგენს, რეალურად ოჯახის ხელზე ასაღები შემოსავლის 53%-ს აღწევს. ეს კი არ ტოვებს სივრცეს სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის ან დანაზოგისთვის.
ალტერნატიული მიდგომა
ექსპერტები გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ არა ერთ კონკრეტულ პროცენტზე, არამედ 50/30/20 ბიუჯეტირების მეთოდზე. ამ მიდგომით, შემოსავლის 50% უნდა დაიხარჯოს აუცილებელ საჭიროებებზე, 30% - სურვილებზე, ხოლო 20% - დანაზოგსა და ვალების დაფარვაზე.
ამ დროს ქირა განიხილება როგორც „აუცილებელი საჭიროებების“ ნაწილი და არა როგორც იზოლირებული ხარჯი. ეს აძლევს ადამიანებს მოქნილობას, დაგეგმონ ბიუჯეტი საკუთარი ცხოვრებისეული პრიორიტეტების მიხედვით. დღეს ბევრი დამქირავებელი მიმართავს ისეთ გზებს, როგორიცაა თანაცხოვრება, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადასვლა ან მშობლებთან დაბრუნება, რათა შეინარჩუნონ ფინანსური მდგრადობა.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.