საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფმა სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრის ფოკუსში ქართული ენის წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები მოექცა.
საკანონმდებლო ბაზა და საჯარო სივრცე
სამუშაო ჯგუფის წევრებმა დეტალურად იმსჯელეს „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სრულყოფის აუცილებლობაზე. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეკლამო აბრებსა და საჯარო წარწერებში ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა იყო.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა საჯარო სივრცეში სახელმწიფო ენის სიწმინდის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტია.
ციფრული ტექნოლოგიები და ქართული ენა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა ქართული ენის როლს ქვეყნის იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. მისი განცხადებით, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ენის ციფრულ სივრცეში ინტეგრაცია პრიორიტეტული ამოცანაა.
„სამუშაო ჯგუფის მიზანი ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაცია და სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
სამუშაო ჯგუფმა ასევე განიხილა სახელმწიფო უწყებების საჭიროებები და ენის ნორმების გაციფრულების პროცესში არსებული სირთულეები. შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ, რაც ენის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ისახავს მიზნად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.