AFP via Getty Images

სამხრეთაფრიკული ჯაზის ლეგენდარული ფიგურა, პიანისტი და კომპოზიტორი აბდულა იბრაჰიმი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მუსიკოსის ოჯახი ავრცელებს. განცხადების თანახმად, იბრაჰიმი გერმანიაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად აღესრულა.

1934 წელს დაბადებული ადოლფ იოჰანეს ბრენდი, რომელიც მოგვიანებით აბდულა იბრაჰიმის სახელით გახდა ცნობილი, მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. შვიდი წლის ასაკში მან ფორტეპიანოზე მელოდიების აკრეფა დაიწყო, რითაც საფუძველი ჩაუყარა კარიერას, რომელიც რვა ათწლეულს მოიცავდა.

იბრაჰიმის შემოქმედება მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამხრეთ აფრიკის პოლიტიკურ რეალობასთან. 1974 წლის კომპოზიცია „Mannenberg“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც აპარტეიდის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა. მუსიკოსმა სახელი 1960-იან წლებში, ისლამის მიღების შემდეგ შეიცვალა.

კარიერის დასაწყისში ის ჯაზ-ანსამბლ „Jazz Epistles“-ში უკრავდა, სადაც სხვა ცნობილ მუსიკოსთან, ჰიუ მასაკელასთან ერთად თანამშრომლობდა. აპარტეიდის პერიოდში, როდესაც ჯაზი კულტურული წინააღმდეგობის სიმბოლოდ აღიქმებოდა, იბრაჰიმი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და შვეიცარიაში გადასულიყო.

ამერიკელმა ჯაზის ლეგენდამ, დიუკ ელინგტონმა, იბრაჰიმის ნიჭი ადრევე შეამჩნია და ის აშშ-ში წაიყვანა. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი უნიკალური სტილი, რომელიც სამხრეთ აფრიკულ ტრადიციულ ჰარმონიებს ჯაზურ იმპროვიზაციასთან აერთიანებდა. მიუხედავად ემიგრაციისა, ის არასდროს წყვეტდა კავშირს სამშობლოსთან და ხშირად ბრუნდებოდა კონცერტებისა და ჩანაწერებისთვის.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მუსიკოსს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ იბრაჰიმის შემოქმედებამ გაამდიდრა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. მისი პარტნიორის, დოქტორ მარინა უმარის თქმით, მუსიკოსი სიცოცხლის ბოლომდე სამშობლოზე ფიქრობდა.

აბდულა იბრაჰიმის ბოლო საჯარო გამოსვლა სულ რაღაც სამი თვის წინ, კეიპტაუნის საერთაშორისო ჯაზის ფესტივალზე შედგა. მსმენელმა ის კვლავ მისი დამახასიათებელი ელეგანტურობითა და მუსიკალური ხედვით იხილა.

Getty Images/BBC