აშშ-ის მიერ ირანთან მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კარიერის სამივე საყრდენი საფუძვლიანად შეარყია. ქვეყნის ლიდერი, რომელიც თავს ვაშინგტონში გავლენიან ფიგურად წარმოაჩენდა, ახლა საკუთარი მოკავშირისგან საჯარო კრიტიკის სამიზნე გახდა.
ნეთანიაჰუს პოლიტიკური იმიჯი, როგორც „უსაფრთხოების გარანტისა“, სერიოზულ გამოცდას გადის. ვაშინგტონისა და თეირანის მოთხოვნამ, რომ ისრაელმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციები შეწყვიტოს, პრემიერი ჩიხში მოაქცია. ეს მოვლენები ვითარდება ოქტომბრის ბოლომდე დაგეგმილი არჩევნების ფონზე.
ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა ქნესეთში სიტუაცია მკაცრად შეაფასა. მისი თქმით, ნეთანიაჰუს წინაშე მხოლოდ ორი გზაა: ან პირდაპირი კონფრონტაცია მთავარ მოკავშირესთან, ან ისრაელის ინტერესების სამარცხვინო დათმობა.
ვითარებას ართულებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელმაც ნეთანიაჰუს ქმედებები ბეირუთზე დარტყმის დროს „გაუაზრებლად“ შეაფასა. პრემიერის პოლიტიკური ოპონენტები ამ კრიტიკას აქტიურად იყენებენ საკუთარი კამპანიისთვის.
შიდაპოლიტიკური წნეხი ნეთანიაჰუს საკუთარი პარტიის, „ლიკუდის“ და მემარჯვენე კოალიციის მხრიდანაც ადგება. ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელში პირდაპირ განაცხადა, რომ თეირანის მოთხოვნები ისრაელს არ აბალდებულებს და ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებას დაიცავს.
უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც ნეთანიაჰუს კარიერის ქვაკუთხედი იყო, დღეს აღარ მუშაობს. 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ მან აგრესიული მიდგომა აირჩია, თუმცა რვა თვის შემდეგაც კი, ჰამასი კვლავ ინარჩუნებს ძალაუფლების ნაწილს ღაზაში, ხოლო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმები ჩიხშია შესული.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ისრაელის სამხედრო რესურსები ამოწურვის პირასაა. ამჟამინდელი სტრატეგიით, ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა ირანის ან ჰეზბოლას განეიტრალება, სანაცვლოდ კი თეირანმა რეგიონში გავლენა გაზარდა. ისრაელის ინსტიტუტის მკვლევარი დანი სიტრინოვიჩი აცხადებს, რომ ქვეყანას თეირანის მიმართ სტრატეგიის გადახედვა და უფრო რეალისტური პრიორიტეტების განსაზღვრა სჭირდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.