ბრიტანული ენერგეტიკული გიგანტი BP-ის თავმჯდომარე ალბერტ მანიფოლდი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანიფოლდმა პოსტი მხოლოდ რვა თვის მუშაობის შემდეგ დატოვა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, მიზეზი მმართველობითი სტანდარტებისა და ქცევის წესების დარღვევასთან დაკავშირებული „სერიოზული შეშფოთებაა“.

გადაწყვეტილებამ ინვესტორებში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. შედეგად, BP-ის აქციების ფასი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე 4%-ზე მეტით დაეცა. დირექტორთა საბჭომ აღნიშნა, რომ მანიფოლდის ქმედებები მიუღებელი იყო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

მმართველობის კრიზისი BP-ში

ალბერტ მანიფოლდის წასვლა BP-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე მოხდა. კომპანია უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ აღმოჩნდა კრიზისში. სამი წლის წინ, მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ ლუნი თანამდებობიდან კოლეგებთან პირადი ურთიერთობების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო გაათავისუფლეს.

მანიფოლდის მოკლევადიანი მმართველობის პერიოდში კომპანიიდან წავიდა მისი მემკვიდრე მიურეი ოჩინკლოსიც, რომლის გადადგომის მიზეზი დღემდე უცნობია. BP-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად მეგ ო'ნილი დაინიშნა, რაც კომპანიის სტრატეგიულ ცვლილებებს — განახლებადი ენერგიიდან ისევ ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე ფოკუსირებას უკავშირდება.

ვინ ჩაანაცვლებს მანიფოლდს?

დროებითი თავმჯდომარის ფუნქციებს იან ტაილერი შეასრულებს. ტაილერი BP-ის საბჭოს წევრი გასული წლიდანაა და მანამდე სამშენებლო ჯგუფ Balfour Beatty-ს ხელმძღვანელობდა. საბჭოს დამოუკიდებელმა დირექტორმა ამანდა ბლანკმა განაცხადა, რომ საბჭო „გაოცებული და იმედგაცრუებულია“ იმ დარღვევებით, რაც მანიფოლდის მუშაობაში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ მანიფოლდის კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს ჰეჯ-ფონდი Elliott, რომელსაც BP-ში 5%-იანი წილი გააჩნია. თუმცა, წელს გამართულ წლიურ შეხვედრაზე მანიფოლდმა აქციონერთა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა კომპანიის შიგნით არსებული უნდობლობა.