კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მის წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს. დემოკრატი პოლიტიკოსი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია, ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას პოლიტიკური მოტივით დევნიან.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ნიუსომმა აღნიშნა, რომ გამოძიების სამიზნე ასევე მისი მეუღლე, ჯენიფერ სიბელ ნიუსომი გახდა. გუბერნატორის თქმით, ეს ქმედებები პირდაპირ კავშირშია მის გეგმებთან, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს 2028 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„პოლიტიკური შურისძიება“
„დღეს მე და ჩემი მეუღლე დონალდ ტრამპის „შავ სიაში“ აღმოვჩნდით“, — განაცხადა ნიუსომმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური აგენტები ცდილობენ დაუკავშირდნენ მის მეგობრებსა და ყოფილ თანამშრომლებს, თუმცა, გუბერნატორის მტკიცებით, მათ რეალური სამართალდარღვევა ვერ იპოვეს.
ნიუსომის თქმით, სამართალდამცავები არ ეძებენ დანაშაულს, არამედ „ცდილობენ, ნებისმიერ ფასად შექმნან ის“. მან იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც ამჟამად ტრამპის ერთგული ტოდ ბლანში ხელმძღვანელობს, დიდი ნაფიც მსაჯულთა პროცედურების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
სამიზნეში — მეუღლეც
გამოძიების ფოკუსში მოექცა გუბერნატორის მეუღლეც. ჯენიფერ სიბელ ნიუსომი ხელმძღვანელობს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ქალთა თანასწორობის ხელშეწყობაზე მუშაობს. გუბერნატორი აცხადებს, რომ მათ „დასამალი არაფერი აქვთ“ და ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ეს ნაბიჯები ტრამპის ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნის კამპანიის ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია ნიუსომის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტი.
ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები
დონალდ ტრამპმა არაერთხელ პირობა დადო, რომ საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს დევნას დაუწყებდა. 2025 წელს პრეზიდენტობის ვადის დაწყების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მიიღო ზომები არაერთი გავლენიანი ფიგურის წინააღმდეგ, მათ შორის არიან ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი, FBI-ის ყოფილი დირექტორი ჯეიმსი კომი, სენატორი ადამ შიფი და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი.
ნიუსომი და ტრამპი ხშირად ცვლიან მწვავე რეპლიკებს სოციალურ ქსელებში. გასულ წელს ტრამპმა კალიფორნიაში საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული დაპირისპირების ფონზე ნიუსომის დაპატიმრების მოწოდებაც კი გააკეთა.
კალიფორნიის გუბერნატორი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2027 წლის იანვარში ეწურება, ტრამპის მიმართ არანაკლებ კრიტიკულია. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომონტაჟი, სადაც პრეზიდენტი საჯარო ღონისძიებების დროს მძინარე ჩანს, რასაც ნიუსომმა ირონიული კომენტარი — „80 არის ახალი 100“ — დაურთო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.