კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ალბერტას პროვინციას ქვეყნის მომავლისთვის „არსებითს“ უწოდებს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ნავთობით მდიდარი რეგიონის ლიდერმა დანიელ სმიტმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმისკენ გადადგა მორიგი ნაბიჯი.
კანადის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები სეპარატისტული ჯგუფები თვეების განმავლობაში აგროვებდნენ ხელმოწერებს, რათა ოქტომბერში სავალდებულო რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. პროცესი 4 მაისს შეჩერდა, როდესაც ალბერტას სასამართლომ მოთხოვნა ბათილად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ინიციატივა იურიდიულად გაუმართავია, რადგან სეპარატისტებმა არ გაიარეს კონსულტაციები ძირძველ მოსახლეობასთან. მათი უფლებები პროვინციის გამოყოფის შემთხვევაში შესაძლოა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო.
პოლიტიკური დაპირისპირება ალბერტაში
პროვინციის პრემიერმა დანიელ სმიტმა სასამართლოს გადაწყვეტილება „მცდარი“ უწოდა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელყოფს ასობით ათასი ალბერტელის დემოკრატიულ უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ სმიტი თავად აცხადებს, რომ მხარს უჭერს ალბერტას კანადის შემადგენლობაში დარჩენას, ის არ აპირებს დებატების შეჩერებას.
სმიტის გეგმის მიხედვით, ოქტომბერში მოქალაქეებს ჰკითხავენ, სურთ თუ არა მთავრობამ დაიწყოს დამოუკიდებლობისთვის საჭირო იურიდიული პროცედურები. პრემიერი ამტკიცებს, რომ კითხვა ისეა ფორმულირებული, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ არღვევს, რადგან ის ავტომატურად არ იწვევს გამოყოფას.
რატომ ითხოვენ დამოუკიდებლობას?
ამჟამინდელი მონაცემებით, ალბერტას 5-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 30% მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სეპარატისტული განწყობები ძირითადად ოტავას პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებით იკვებება.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ ფედერალური მთავრობა ზედმეტად ზღუდავს ნავთობის ინდუსტრიას და ბლოკავს ინვესტიციებს გარემოსდაცვითი მოტივებით. მარკ კარნი და დანიელ სმიტი ამჟამად ერთობლივად მუშაობენ ახალი ნავთობსადენის პროექტზე, რაც, პრემიერის იმედით, დაარბილებს სეპარატისტულ განწყობებს.
კარნიმ, რომელიც ბავშვობის უდიდესი ნაწილი სწორედ ალბერტაში გაატარა, განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს ქვეყნის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, კანადა მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა, თუმცა მისი სრულყოფა მუდმივ პროცესს მოითხოვს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.