ნიუ-დელიში, პროტესტისთვის განკუთვნილ ცნობილ ლოკაციაზე, „ჯანთარ მანთარზე“, ასობით ახალგაზრდა შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ტარაკნების ნიღბებითა და დაძონძილი სასწავლო სახელმძღვანელოებით გამოვიდნენ, რათა ონლაინ სივრცეში დაწყებული სატირული მოძრაობა რეალურ პოლიტიკურ ძალად ექციათ.
მათ საკუთარ თავს „ტარაკნების ჯანთა პარტია“ (CJP) უწოდეს. მოძრაობა სულ რაღაც სამი კვირის წინ ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მთავრობის კრიტიკოსები და უმუშევარი ახალგაზრდები „ტარაკნებსა“ და „პარაზიტებს“ შეადარა.
თავდაპირველად ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური სატირისა და მემების გავრცელების არხი, თუმცა მალევე გადაიზარდა მასშტაბურ უკმაყოფილებაში. ახალგაზრდები აპროტესტებენ უმუშევრობას, ეკონომიკური პერსპექტივების გაქრობას და საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ღრმა კრიზისს.
შაბათის აქციაზე პროტესტანტებმა ინდოეთის სახელმწიფო დროშების ფრიალით მოითხოვეს განათლების მინისტრ დარმენდრა პრადჰანის გადადგომა. უკმაყოფილების მთავარი მიზეზი საგამოცდო ფურცლების გაჟონვის სერიული შემთხვევები, ტექნიკური ხარვეზები და გაუქმებული ტესტებია.
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სამედიცინო მისაღებ გამოცდებთან (NEET) დაკავშირებით. მრავალი სტუდენტისთვის ეს ფიასკო და სტუდენტების სუიციდის შესახებ გავრცელებული ცნობები იმის დასტურია, რომ სისტემამ ნდობა სრულად დაკარგა.
მოძრაობის დამფუძნებელი, 30 წლის პოლიტიკური სტრატეგი და ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აბჰიჯიტ დიპკე, სპეციალურად აშშ-დან ჩამოვიდა აქციის სათავეში ჩასადგომად. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არასდროს შეშინებოდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია აღჭურვილობითა და ფოლადის ბარიკადებით. ეს ნათლად მიანიშნებს იმ რისკებზე, რომლებსაც დისიდენტური აზრის გამოთქმა აწყდება ქვეყანაში, სადაც ხშირად პროტესტი სისხლის სამართლის საქმეებითა და რეპრესიებით სრულდება.
ინსტაგრამზე 20 მილიონზე მეტი მიმდევრის მქონე CJP-მ უკვე გადაუსწრო მრავალ ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიას. მათი პირველი ქუჩის აქცია ახლა ტესტია იმისა, თუ რამდენად შეუძლია სატირასა და ინტერნეტ-მემებს გარდაიქმნას მდგრად პოლიტიკურ ორგანიზაციად და იპოვოს ახალი ენა ახალგაზრდული ფრუსტრაციისთვის.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.