საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი, თანამდებობიდან დროებით ჩამოაშორეს. სასამართლოს მმართველი ორგანოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ წაყენებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უკავშირდება.
სასამართლოს ასამბლეის ბიურომ დაადასტურა, რომ საკითხს განიხილავენ დისციპლინური პროცედურების ფარგლებში. საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლოს 125 წევრი ქვეყანა სპეციალურ სესიაზე მიიღებს. უწყების განმარტებით, დროებითი შეჩერება არ ნიშნავს საბოლოო განაჩენს.
რა გახდა გამოძიების მიზეზი?
საქმე ეხება გაეროს გამოძიების ანგარიშს, რომელმაც გამოავლინა „ფაქტობრივი საფუძველი“ კარიმ ხანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ბრალდებებთან დაკავშირებით. ბრალდება სასამართლოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა წარადგინა. მიუხედავად ამისა, სპეციალურმა პანელმა, რომელიც სასამართლოს ზედამხედველმა ორგანომ შეარჩია, მიიჩნია, რომ მტკიცებულებები არ იყო საკმარისად დამაჯერებელი.
თავად კარიმ ხანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და პროცედურულად უსამართლოა. ხანის გუნდი აცხადებს, რომ აღნიშნული დევნა პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას წარმოადგენს.
პროკურორის საერთაშორისო გავლენა
56 წლის კარიმ ხანი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები მოითხოვა. ხანმა ასევე მოითხოვა ჰამასის ლიდერების, მათ შორის იაჰია სინვარის დაპატიმრება 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ კარიმ ხანი პირველი პროკურორია ICC-ის ისტორიაში, რომელიც მმართველმა ორგანომ ოფიციალურად ჩამოაშორა მოვალეობებს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, სასამართლოს მუშაობაზე ეს დიდი გავლენას არ მოახდენს, რადგან ხანი ისედაც ნებაყოფლობით შვებულებაში იმყოფებოდა მაისიდან.
„ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო შედეგის მაჩვენებელი,“ — აცხადებენ სასამართლოს მმართველ ორგანოში.
საბოლოო გადაწყვეტილება ხანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მოითხოვს წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერას ფარული კენჭისყრის საფუძველზე. პროცედურისთვის საჭიროა 63 ქვეყნის თანხმობა, თუმცა სესიის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.