ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანთან არსებულ საზღვარზე უსაფრთხოების ზომების მკვეთრად გაძლიერება გადაწყვიტა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამიტ შაჰმა, ოფიციალურად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარე ყველა ის შენობა, რომელიც „უკანონოდ“ არის მიჩნეული, დემონტაჟს ექვემდებარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება რაჯასტანის შტატში გამოცხადდა, რომელიც პაკისტანს ესაზღვრება. ოფიციალური დელის განმარტებით, ეს ნაბიჯი ემსახურება ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდის, უკანონო მიგრაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას.
დაძაბულობა რეგიონში
ეს გადაწყვეტილება ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიიღეს. გასულ წელს ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. მიზეზი ქაშმირში მომხდარი თავდასხმა გახდა, რასაც ოთხდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. შეტაკებების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ინდოეთმა პაკისტანი ქაშმირში 26 ადამიანის, ძირითადად ინდუისტი ტურისტების, მკვლელობაში დაადანაშაულა. ისლამაბადმა ბრალდება კატეგორიულად უარყო, თუმცა ამას მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, საჰაერო დარტყმები და დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევები.
უსაფრთხოების პოლიტიკა
ამიტ შაჰი ცნობილია თავისი „ხისტი“ პოლიტიკით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლება ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას გაატარებს საზღვრისპირა ზონაში არსებული ნებისმიერი არასანქცირებული მშენებლობის მიმართ.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის საერთაშორისო საზღვარი, მათ შორის ქაშმირის სადავო ტერიტორიის ჩათვლით, 3300 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორივე სახელმწიფო მუდმივად ადანაშაულებს ერთმანეთს პროქსი-ძალების მხარდაჭერასა და დესტაბილიზაციის მცდელობაში, რასაც მეორე მხარე ყოველთვის უარყოფს.
ახალი დელი აცხადებს, რომ პაკისტანი სისტემატურად ეხმარება იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს, რის გამოც ინდოეთი უკვე წლებია, დიდ რესურსებს ხარჯავს საზღვრის გამაგრებასა და პატრულირების გაძლიერებაზე.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.