ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, საიდ აბას არაღჩის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების დასრულების შესახებ შეთანხმება „არასდროს ყოფილა ასე ახლოს“. მოლაპარაკებებში აქტიურ შუამავლის როლს პაკისტანი ასრულებს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა დაადასტურა, რომ მხარეებმა შეთანხმების საბოლოო ტექსტს მიაღწიეს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროცესის დასასრულებლად და შეთანხმების ფორმალიზებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა არაღჩის განცხადება, სადაც მხარეები მედიას მოუწოდებენ, არ გაავრცელონ სპეკულაციები შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ირანული მედიის მიერ გავრცელებული დეტალები და მათ „სიმართლესთან შეუსაბამო“ უწოდა.
ტრამპის თქმით, მას მოუწია დაგეგმილი სამხედრო ოპერაციების გაუქმება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი გამოიკვეთა. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის მიმართულებით ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს, რასაც თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და რეგიონულ ობიექტებზე თავდასხმები მოჰყვა.
რა შედის შეთანხმების პირობებში?
ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი მოითხოვს აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნას და დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის კომპენსაციას მიყენებული ზიანისთვის. ასევე, საუბარია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შეთანხმების რეზოლუციით დადასტურებაზე.
თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვს ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს და ბირთვული მასალების გატანას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს ირანისთვის თანხების გადაცემას მხოლოდ ხელმოწერის სანაცვლოდ.
ვენსის თქმით, ეკონომიკური სარგებელი ირანისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი, თუ თეირანი შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის რეგიონული დაჯგუფებების დაფინანსების შეწყვეტას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.