აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე შეთანხმების გაფორმებას უახლოვდებიან. ინფორმაციას Bloomberg და CBS News „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმას მიიღებს. მისი ხელმოწერა შესაძლოა უახლოეს კვირას, ჟენევაში ან საფრანგეთის ქალაქ ევიანში დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში შედგეს, თუმცა ოფიციალური თეირანისგან საბოლოო დასტური ჯერჯერობით არ მიღებულა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას მიანიშნა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლოა სწორედ ამ შაბათ-კვირას მოხდეს.

Axios-ის ცნობით, მემორანდუმის ტექსტი უკვე შეთანხმებულია და მხარეთა საბოლოო დამტკიცებას ელოდება. დოკუმენტის პროექტი ითვალისწინებს, რომ ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნაზე და მოაგვარებს გამდიდრებული ურანის მარაგების საკითხს. სანაცვლოდ, აშშ-მა შესაძლოა განიხილოს სანქციების შემსუბუქება და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენა.

შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰორმუზის სრუტის გახსნაა საერთაშორისო გადაზიდვებისთვის, დამატებითი გადასახადების გარეშე. ამასთან, თეირანმა უნდა აღადგინოს გადაზიდვების მოცულობა ომამდელ დონემდე, ხოლო ვაშინგტონი ვალდებულებას იღებს, მოხსნას ირანის პორტების ბლოკადა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერა მხოლოდ საწყისი ეტაპია და ის საფუძველს ჩაუყრის 60-დღიან მოლაპარაკებებს უფრო ფართო შეთანხმების მისაღწევად.

მიუხედავად პროგრესისა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების საკითხი. თეირანი მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს, აშშ კი ეტაპობრივ პროცესს გვთავაზობს. ამ პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგება ისრაელი, რომელიც აშშ-ისგან აქტივების განბლოკვისგან თავის შეკავებას ითხოვს.