ღაზას სექტორში ისრაელის მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანია. ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, თავდასხმას 20-ზე მეტი დაშავებული მოჰყვა, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდნენ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ღაზას ქალაქში ჰამასის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის, მოჰამად ოდეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ოდე გასულ სამშაბათს ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა, თავდასხმას მაშინ მისი ოჯახის წევრებიც ემსხვერპლნენ.

დაძაბულობა „ცეცხლის შეწყვეტის“ პირობებში

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობა პანიკაშია. მშობლები შიშობენ, რომ შვილების გარეთ გაყვანა ან კარვებში ყოფნა სასიკვდილო საფრთხესთან არის დაკავშირებული. ფაქტია, რომ ფორმალური „ცეცხლის შეწყვეტის“ მიუხედავად, საომარი მოქმედებები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა მოჰამად ოდეს ლიკვიდაცია და განაცხადა, რომ ის 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს ჰამასის დაზვერვის ხელმძღვანელი იყო. ოდე სამხედრო ფრთის მეთაურად მხოლოდ ერთი კვირის წინ დაინიშნა, მას შემდეგ რაც ისრაელმა მისი წინამორბედი, იზ ალ-დინ ალ-ჰადადი მოკლა.

ჰუმანიტარული კრიზისი და დარღვეული შეთანხმებები

ღაზას ხელისუფლების მედია-ოფისის განცხადებით, ოქტომბერში გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ისრაელმა 3000-ზე მეტი დარღვევა ჩაიდინა. ოფიციალური მონაცემებით, შეთანხმებული ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ მცირე ნაწილი შედის სექტორში.

„ომი არ შეწყვეტილა. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, რეალურად კი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ამჟამად მხარეებს შორის დაძაბულობა კვლავ მაქსიმალურ ნიშნულზეა. ისრაელი ჰამასის განიარაღების პირობას აყენებს, ხოლო პალესტინური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლას ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვასა და მუდმივ თავდასხმებს უკავშირებს.