პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები აღმოაჩინეს. შემთხვევა 20 ნოემბერს, უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის ფონზე მოხდა, როდესაც რუსულმა ძალებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ლუბლინის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტები ნოვი ლიპოვეცის, რუდნიკისა და მოლოდიჩის ტერიტორიებზე იპოვეს. პირველადი კვლევებით დადგინდა, რომ რაკეტები რუსეთის ქალაქ დუბნაში მდებარე ქარხანაში სულ რამდენიმე კვირის წინ იყო წარმოებული.
პროკურატურის ცნობით, ნოვი ლიპოვეცსა და რუდნიკში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, ხოლო მოლოდიჩის ლოკაციაზე სამუშაოები 23 ნოემბრისთვის დასრულდება. 20 ნოემბრის ინციდენტის დროს, საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა ორი რუსული რაკეტა და ერთი დაუდგენელი ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ დრონი ან რაკეტა იყო.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ინციდენტი დაგმო და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
პოლონეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, ინციდენტის დროს ნატოს მეთაურობით მოფრენილ შვედურ გამანადგურებელს JAS 39 Gripen-ს რუსული რაკეტის ჩამოგდების უფლება მიეცა, თუმცა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პილოტმა სამიზნის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და ცეცხლი არ გაუხსნია.
აღსანიშნავია, რომ ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბრიუსელში 23 ნოემბერს შეიკრიბება პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხის განსახილველად.





დისკუსია
0 კომენტარი