საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს სასამართლო პროცესის დაწყების თარიღად 30 ნოემბერი განსაზღვრა. 81 წლის პოლიტიკოსი პირველი აზიელი ლიდერია, რომელსაც ICC-მ ბრალი წაუყენა.

დუტერტე, რომელიც ფილიპინებს 2016-დან 2022 წლამდე მართავდა, 2025 წლის 11 მარტს მანილას აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის მკვლელობები, წამება და გაუპატიურება. დანაშაულები, პროკურორების მტკიცებით, 2011-2019 წლებში მოხდა.

„ნარკოომის“ სისხლიანი კვალი

ბრალდებები დუტერტეს მიერ ინიცირებულ „ნარკოომს“ უკავშირდება. კამპანია მან ჯერ კიდევ დავაოს მერობისას დაიწყო და პრეზიდენტობის პერიოდში გააგრძელა. უფლებადამცველების თქმით, ოპერაცია „ორმაგი ლულის“ ფარგლებში ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის ნარკომომხმარებლები და ეჭვმიტანილები, სასამართლოს გარეშე იქნა მოკლული.

პროკურორი ჯულიან ნიკოლსი აცხადებს, რომ დუტერტე პირადად იყო ჩართული მკვლელობების ორგანიზებაში. პროკურატურის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი პოლიციელებსა და დაქირავებულ მკვლელებს იყენებდა „კრიმინალების“ გასანეიტრალებლად. თავად დუტერტე ბრალდებებს უარყოფს და სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს.

პოლიტიკური დაპირისპირება მანილაში

დუტერტეს დაკავება ფილიპინების პოლიტიკურ ელიტაში არსებულმა განხეთქილებამ განაპირობა. ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი ლიდერი ფერდინანდ მარკოს უმცროსი 2022 წლის არჩევნებში მოკავშირეები იყვნენ, თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობა გაფუჭდა. სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე შეიცვალა მარკოსის პოზიცია ICC-სთან თანამშრომლობის მიმართ.

პროცესი, სავარაუდოდ, წლებს გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ დუტერტე ჰააგის ციხეში იმყოფება, იგი ფილიპინებში, განსაკუთრებით დავაოში, კვლავ პოპულარული რჩება. 2025 წელს მან დავაოს მერის არჩევნებშიც კი გაიმარჯვა, თუმცა პატიმრობის გამო მოვალეობის შესრულებას ვერ ახერხებს.

„ეს არ არის სამართალი, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება“, - განაცხადა დუტერტეს შვილმა, სებასტიან დუტერტემ, რომელიც ამჟამად დავაოს მერის მოვალეობას ასრულებს.

დუტერტეს ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით პროცესის შეჩერებას უშედეგოდ ცდილობდნენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 81 წლის პოლიტიკოსს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.