პროგრამული უზრუნველყოფის სექტორში აქციების რალიმ ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ის, რაც თავდაპირველად ბაზრის აღდგენად მოჩანდა, ახლა უკვე მასშტაბურ „ხარის ბაზრად“ (bull market) ჩამოყალიბდა. ინვესტორები და ტრეიდერები აქტიურად აკეთებენ ფსონებს იმაზე, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.
რეკორდული აქტივობა ბაზარზე
iShares Expanded Tech-Software ETF (IGV) აპრილის მინიმალური ნიშნულიდან 35%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ გასულ პარასკევს ფონდმა 5%-იანი ზრდა აჩვენა, რაც დიდწილად ServiceNow-სა და Workday-ის ორნიშნა პროცენტულმა მატებამ განაპირობა.
ოპტიმიზმი იმდენად მაღალია, რომ ბაზარზე ოფციონების ვაჭრობა გასული 30 დღის საშუალო მაჩვენებელს ხუთჯერ აღემატება. მონაცემები აჩვენებს, რომ ე.წ. „ქოლ“ ოფციონების რაოდენობა ოთხჯერ აჭარბებს „ფუთ“ ოფციონებს. პარასკევს ტრეიდერებმა 50 000-ზე მეტი „ქოლ“ კონტრაქტი შეიძინეს, მაშინ როცა „ფუთ“ პოზიციების რაოდენობა 6 000-ს ვერ გასცდა.
ლიდერი კომპანიები და კაპიტალი
ServiceNow, Salesforce და Oracle კვლავ რჩებიან ინვესტორების მთავარ სამიზნეებად. ThinkOrSwim-ის მონაცემებით, თითოეულ ამ კომპანიაში „ქოლ“ ოფციონების მოცულობა ხუთჯერ აღემატება საპირისპირო პოზიციებს. SpotGamma-ს ანგარიშის მიხედვით, IGV-ში ვაჭრობის მოცულობამ ნახევარდღიანი მონაცემებით ნახევარგამტარების სექტორის ETF-საც (SMH) კი გადაუსწრო.
„ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას IGV-სა და SOX-ის დისპერსიასთან დაკავშირებით და ველოდებით, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, — აცხადებს KKM Financial-ის მმართველი პარტნიორი დენ დემინგი. მისი თქმით, ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფის აქციების მიმართ ინტერესი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნახევარგამტარების სექტორის მიმართ.
რისკები და ჰეჯირება
მიუხედავად ოპტიმიზმისა, ბაზრის მონაწილეები სიფრთხილესაც იჩენენ. ნაწილი ტრეიდერებისა საკუთარ პოზიციებს „სპრედებით“ აზღვევს. ასევე დაფიქსირდა რამდენიმე მრავალმილიონიანი გარიგება „ქოლ“ ოფციონების გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთი მსხვილი მოთამაშე მოგების ფიქსაციას იწყებს.
ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული კონტრაქტია ივნისის „105-სტრაიკ“ ქოლ ოფციონი, რომლის ფარგლებშიც 20 000-ზე მეტი კონტრაქტი გაიყიდა. ამ პოზიციების მომგებიანად ქცევისთვის აქციების ფასმა კიდევ 5%-ით უნდა მოიმატოს.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.