სუმის ოლქში, ნოვა სლობოდას თემში, რუსული დრონის აფეთქებას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 22 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგორი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ორი ადგილობრივი მცხოვრები შემთხვევით წააწყდა რუსულ დრონს, რომელიც მოგვიანებით აფეთქდა. აფეთქების შედეგად მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. ოლეგ გრიგორმა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
უსაფრთხოების რისკები სასაზღვრო ზონებში
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაზღვრო თემებში ასაფეთქებელი მოწყობილობების საფრთხე კვლავ უკიდურესად მაღალია. მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მიუახლოვდნენ უცნობ საგნებს, არ შეეხონ და არ გადააადგილონ ისინი.
„დარწმუნდით, რომ ბავშვებს ეს წესები აუხსენით. ნებისმიერი საეჭვო საგნის აღმოჩენის შემთხვევაში, გაეცალეთ უსაფრთხო მანძილზე და დარეკეთ 101 ან 102 ნომრებზე“, — განაცხადა გრიგორმა.
სპეციალისტების განმარტებით, აღმოჩენილი საგნები შესაძლოა იყოს როგორც აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, ისე რუსული დრონების ნარჩენები ან სხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობები.
მასშტაბური თავდასხმა უკრაინაზე
22 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 8 სხვადასხვა მიმართულებიდან 186 დამრტყმელი დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, მათ 161 დრონის განეიტრალება ან ჩამოგდება შეძლეს.
თავდასხმების შედეგად 18 სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა დარტყმა, ხოლო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები კიდევ ექვს ლოკაციაზე ჩამოვარდა. მათ შორის იყო კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონი, სადაც ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
თავდასხმის შედეგად განადგურდა პირველიდან მეხუთე სართულამდე არსებული ბინები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, დილის მდგომარეობით, 14 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.


დისკუსია
0 კომენტარი