ტაილანდის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურა პრინცესა ბაჯრაკიტიიაბჰას გარდაცვალება. 47 წლის პრინცესა, რომელიც სამი წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, ჩულალონგკორნის საავადმყოფოში, ხუთშაბათს საღამოს გარდაიცვალა.
სამეფო სასახლის განცხადებით, მედიკოსები მაქსიმალურად ცდილობდნენ მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას, თუმცა პრინცესას ჯანმრთელობა პროგრესულად უარესდებოდა.
პრინცესა 2022 წლის დეკემბერში, ძაღლების გასეირნების დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ექიმების დასკვნით, კოლაფსი გულის მძიმე არითმიამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ მიკოპლაზმური ინფექციით იყო პროვოცირებული.
ბაჯრაკიტიიაბჰა მეფე ვაჯირალონგკორნის შვიდი შვილიდან უფროსი იყო. ის სამეფო ოჯახის ყველაზე გამორჩეულ და განათლებულ წევრად ითვლებოდა. მან იურიდიული განათლება აშშ-ში, კორნელის უნივერსიტეტში მიიღო და მოღვაწეობდა როგორც ნიუ-იორკში, გაეროს მისიაში, ისე ტაილანდის გენერალური პროკურორის ოფისში.
პრინცესა აქტიურად იყო ჩართული საპენიტენციო სისტემის რეფორმირებაში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ქალ პატიმართა უფლებებზე, რადგან ტაილანდში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქალი პატიმრების რაოდენობა.
გარდა ამისა, 2012-2014 წლებში ის ავსტრიაში ტაილანდის ელჩის პოსტს იკავებდა. 2021 წელს კი მამამისმა მას გენერლის წოდება მიანიჭა და პირადი დაცვის შტაბის უფროსად დანიშნა.
პრინცესას გარდაცვალება ქვეყანაში მემკვიდრეობის საკითხს კვლავ ბუნდოვანს ხდის. 73 წლის მეფეს ოფიციალური მემკვიდრე ამ დრომდე არ დაუსახელებია. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდური წეს-ჩვეულებები ტახტზე მამაკაცის ასვლას მოითხოვს, 1974 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები ქალსაც აძლევს ამ უფლებას.
ბევრი მონარქისტი პრინცესა ბაჯრაკიტიიაბჰას მამის საუკეთესო მემკვიდრედ ან რეგენტად მოიაზრებდა. ვინაიდან ტაილანდში მოქმედებს მკაცრი კანონი სამეფო ოჯახის შეურაცხყოფის შესახებ, ამ თემაზე საჯარო დისკუსია პრაქტიკულად შეუძლებელია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.