სატელიტური ფოტოების ანალიზით დასტურდება, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციების შედეგად ირანის 50-ზე მეტი სამხედრო ობიექტი მძიმედ დაზიანდა. მათ შორისაა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მთავარი შტაბ-ბინებიც.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, 28 თებერვლიდან მოყოლებული, ირანის ტერიტორიაზე 13 000-ზე მეტი სამიზნეა განადგურებული. ექსპერტები სატელიტურ კადრებზე იდენტიფიცირებას უკეთებენ განადგურებულ საბრძოლო თვითმფრინავებს, სამხედრო ხომალდებსა და ბალისტიკური რაკეტების ბაზებს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი თვეა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, ირანის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შერყეული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები სრულად განადგურებულია.
თუმცა, სატელიტური კადრები სხვა რეალობასაც გვაჩვენებს: თეირანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდს სარაკეტო ბაზების აღსადგენად იყენებს. კერძოდ, ტაბრიზის სარაკეტო ბაზაზე დაფიქსირებულია ნანგრევების გაწმენდისა და გვირაბების აღდგენის პროცესი.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ირანი ინარჩუნებს კონტრშეტევების განხორციელების უნარს დრონებისა და სარაკეტო სისტემების მეშვეობით. განსაკუთრებით დაუცველია ჰორმუზის სრუტე, სადაც ირანის მცირე ზომის ხომალდები კვლავ საფრთხეს უქმნიან კომერციულ გემებს.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა მერაბადის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 7 მარტს მინიმუმ 17 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა, ხოლო შირაზის საჰაერო ბაზაზე აპრილის დარტყმებისას 13 თვითმფრინავი დაზიანდა. ბანდარ აბასის საზღვაო ბაზა, რომელიც ირანის ფლოტის შტაბ-ბინაა, კონფლიქტის პირველივე დღეებში მოექცა იერიშის ქვეშ.
ანალიტიკოსების აზრით, ეს დარტყმები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალის განადგურებას, არამედ შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის ხელშეწყობას, რაც ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.