ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია მნიშვნელოვნად გააფართოეს. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, მათ დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბოფორტის ციხესიმაგრე, რომელიც ნაბატიეს, ლიბანის სიდიდით მეხუთე ქალაქის მიმდებარედ, მაღლობზე მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა აღნიშნული ნაბიჯი „მნიშვნელოვან ტაქტიკურ გამარჯვებად“ შეაფასა. მისი თქმით, ლიტანის მდინარის გადაკვეთა და ბოფორტის ქედის კონტროლი გალილეის დასაცავად გადამწყვეტი ფაქტორია.

იძულებითი ევაკუაცია და მასშტაბური შეტევა

ისრაელის არმიამ მდინარე ზაჰრანის სამხრეთით მცხოვრებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდა. სამხედრო სპიკერის, ავიხაი ადრაის განცხადებით, ზაჰრანის ჩრდილოეთით გადაუსვლელობა სიცოცხლისთვის საშიშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა 10-ზე მეტი მსგავსი ბრძანება გასცა, რაც ნაბატიეზე შესაძლო თავდასხმის მზადებაზე მიუთითებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელის მიერ კონტროლირებადი ზონა უკვე ლიბანის ტერიტორიის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს. ადგილობრივი ცნობებით, საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნეს-ობიექტებს.

ჰეზბოლას წინააღმდეგობა და „ბოჭკოვანი დრონები“

მიუხედავად ისრაელის წინსვლისა, ჰეზბოლა სამხედრო ოპერაციებს არ წყვეტს. დაჯგუფებამ აქტიურად გამოიყენა ახალი თაობის დრონები, რომლებიც აღჭურვილია ბოჭკოვანი ოპტიკით. ეს საფრენი აპარატები ელექტრონული ჩახშობისადმი მდგრადია და რადარებისთვის თითქმის შეუმჩნეველია.

ისრაელმა დაადასტურა, რომ ბოლო შეტაკებებისას მათი კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. 2 მარტიდან დღემდე დაღუპულ ისრაელელ სამხედროთა რაოდენობამ 25-ს მიაღწია.

მოლაპარაკებები ჩიხში

ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის შედეგს არ იძლევა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა ისრაელის ქმედებები „დამწვარი მიწის პოლიტიკად“ და კოლექტიურ დასჯად შეაფასა.

ექსპერტების აზრით, ისრაელს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკური გეგმა ლიბანისთვის, რაც ჰეზბოლას პოზიციებს ქვეყნის შიგნით აძლიერებს. ლიბანის მთავრობა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ერთი მხრივ ისრაელთან მოლაპარაკებების ვალდებულება აქვს, მეორე მხრივ კი შიდაპოლიტიკურ ზეწოლას განიცდის.