ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო 22 წლის უკრაინელი რომან ლავრინოვიჩი და 27 წლის რუმინელი სტანისლავ კარპიუკი. მათ ბრალი დასდეს კირ სტარმერის კუთვნილ ქონებაზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, რაც გასული წლის მაისში განხორციელდა.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ თავდასხმები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამიზნე იყო სახლი, რომელიც პრემიერმა 2024 წელს, თანამდებობის დაკავებისას დატოვა, პრემიერის წილობრივი საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონება და მისი ყოფილი ავტომობილი.
კრიპტოვალუტით დაქირავებული შემსრულებლები
პროკურატურის ცნობით, ლავრინოვიჩს დავალებებს Telegram-ის საშუალებით აძლევდა პირი, რომელიც მეტსახელად „El Money“-ს იყენებდა. შემსრულებელს თავდასხმების სანაცვლოდ დაახლოებით 4 000 დოლარის ექვივალენტი კრიპტოვალუტა გადაუხადეს.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელის, ჰელენ ფლანაგანის განცხადებით, დამნაშავეებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნოდა კონკრეტული სამიზნე ობიექტები. მიუხედავად ამისა, „El Money“-ს მიზანი იყო ბრიტანეთში შიშისა და გაურკვევლობის დათესვა.
რუსული კვალი და მედიის ვერსია
BBC-ის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „El Money“ 23 წლის რუს დიპლომატთან, ევგენი ლიუკშინთან დააკავშირა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოსკოვში მაღალი თანამდებობის პირებთან დაახლოებული პირია.
ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომ თავდასხმები უშუალოდ მტრული სახელმწიფოს დაკვეთით განხორციელდა. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, ეს ეპიზოდი რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული საბოტაჟისა და დეზინფორმაციის ფართო კამპანიის ნაწილია.
„ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ მცდელობას, დავაკავშიროთ რუსეთი ან მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანონო ქმედებებთან“, — განაცხადეს რუსეთის საელჩოში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მესამე ბრალდებული, 35 წლის პეტრო პოჩინოკი, უდანაშაულოდ ცნეს. ლავრინოვიჩისა და კარპიუკისთვის სასჯელის ზომა მიმდინარე პარასკევს გახდება ცნობილი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.