უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების დანაყოფმა აზოვის ზღვის აკვატორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სანაპირო ზოლში ხუთ გემზე მიიტანა იერიში. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, აღნიშნული ხომალდები ჩართული იყვნენ უკრაინული მარცვლეულის უკანონო გატანასა და სამხედრო ტვირთების, მათ შორის საწვავის ტრანსპორტირებაში.

უკრაინის დრონების მეთაურმა, რობერტ ბროვდიმ განაცხადა, რომ იერიში მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტებში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან განხორციელდა. გემებს, მათ შორის ტანკერებს, სახელები გადაღებილი ჰქონდათ, რადარები კი გამორთული, რათა შეუმჩნევლად ემოქმედათ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად მათი ხუთი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა აღნიშნა, რომ გემები აზერბაიჯანულ კომპანიებს არ ეკუთვნოდათ.

ამ ფონზე, უკრაინამ აღიარა, რომ რუმინეთის შავი ზღვის პორტ კონსტანცასთან პარასკევს მომხდარი საზღვაო დრონის აფეთქება მათ ოპერაციას უკავშირდება. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი ნავთობტერმინალთან თვითგანადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, ინციდენტმა მნიშვნელოვნად დააზიანა გემი და საწყობები.

კიევის განმარტებით, დრონი კურსიდან რუსული რადიოელექტრონული ჩარევის გამო გადავიდა. რუმინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მეორე მნიშვნელოვანი ინციდენტია, მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ გალატში დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა შენარჩუნებულია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს პირისპირ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, რაზეც რუსეთის ლიდერმა უარი განაცხადა. კრემლი კვლავ ითხოვს უკრაინის ტერიტორიების დათმობასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას, რასაც კიევი კატეგორიულად გამორიცხავს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში რუსული იერიშების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმები განხორციელდა როგორც დედაქალაქ კიევის მიმდებარე საწარმოებზე, ისე ხერსონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.