აშშ-ის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის უწყებები ხორცისმჭამელი პარაზიტის წინააღმდეგ მასშტაბურ ოპერაციას იწყებენ. „New World Screwworm“-ის სახელით ცნობილი ეს მწერი, რომელიც აშშ-ში 1966 წელს ოფიციალურად გაანადგურეს, ტეხასის შტატში კვლავ აღმოაჩინეს.

პარაზიტი სამი კვირის ხბოს ჭიპის არეში ლა-პრაიორის რაიონში, მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 48 კილომეტრში იპოვეს. ეს აშშ-ის ტერიტორიაზე ბოლო 60 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა.

პარაზიტის გამრავლების მექანიზმი საკმაოდ აგრესიულია: მდედრი ბუზი კვერცხებს თბილსისხლიანი ცხოველებისა და ადამიანების ღია ჭრილობებში ან ლორწოვან გარსებზე დებს. გამოჩეკილი მატლები ბასრი პირით ცოცხალ ხორცში გზას იკვლევენ, რაც მკურნალობის გარეშე მასპინძლის სიკვდილს იწვევს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ინფიცირების ადგილის გარშემო 20-კილომეტრიანი „საკონტროლო ზონა“ დააწესა. ტერიტორიაზე მოქმედებს კარანტინი, მკაცრდება გადაადგილების წესები და მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.

პრობლემასთან ბრძოლის მთავარი იარაღი გენეტიკურად მოდიფიცირებული, სტერილური ბუზების მასობრივი გაშვებაა. ვინაიდან მდედრი ბუზი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წყვილდება, სტერილურ მამრებთან შეჯვარების შედეგად კვერცხები არ განაყოფიერდება, რაც პოპულაციის ზრდას შეაჩერებს.

ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ამ მეთოდისთვის კვირაში 600 მილიონი სტერილური ბუზის გამოყვანაა საჭირო, თუმცა ამჟამად აშშ-სა და მექსიკის ლაბორატორიებს მხოლოდ 100 მილიონის წარმოება შეუძლიათ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრუკ როლინსმა განაცხადა, რომ თებერვლიდან მოყოლებული, უკვე მილიონობით მწერია გაშვებული.

დამატებითი ზომების ფარგლებში, საზღვარზე სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები, ე.წ. „Beagle Brigade“ მუშაობენ, რომლებიც პარაზიტის აღმოჩენაზე არიან ორიენტირებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისთვის საფრთხე დაბალია, ფერმერები შიშობენ, რომ მოუგვარებელმა პრობლემამ შესაძლოა ხორცის ბაზარზე სერიოზული გავლენა იქონიოს.

ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, იყვნენ ფრთხილად, დაამუშაონ პირუტყვის ჭრილობები და ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს.