2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ის, მექსიკისა და კანადის მასპინძლობით იმართება, სერიოზული დიპლომატიური და საორგანიზაციო გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს. აშშ-ის ხელისუფლების მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა უკვე გახდა ადამიანის უფლებათა დამცველებისა და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი.
სომალელი მსაჯის საქმე
სკანდალი განსაკუთრებით გაამწვავა სომალელი მსაჯის, ომარ არტანის შემთხვევამ. 34 წლის არტანი პირველი სომალელი მსაჯი უნდა ყოფილიყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებდა, თუმცა მაიამის აეროპორტში ჩასულს, მიუხედავად მოქმედი ვიზისა, ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „შემოწმებასთან დაკავშირებული წუხილების“ გამო მიიღეს.
ირანის ნაკრების ლოჯისტიკური პრობლემები
ირანის ეროვნულმა ნაკრებმა ვიზები ტურნირის დაწყებამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე მიიღო. მიუხედავად ამისა, გუნდის არაერთი ადმინისტრაციული და სამენეჯმენტო წევრი აშშ-ში შესვლას ვერ ახერხებს. შედეგად, ირანის ნაკრები ბაზირებას მეზობელ მექსიკაში, ტიხუანაში განახორციელებს და აშშ-ის საზღვარს მხოლოდ მატჩების დღეს კვეთს, რაც გუნდის მოსამზადებელ პროცესზე უარყოფითად აისახება.
ინციდენტები აეროპორტებში
მსგავსი პრობლემები შეექმნათ სხვა გუნდების წარმომადგენლებსაც. ერაყელი თავდამსხმელი აიმენ ჰუსეინი ჩიკაგოს აეროპორტში შვიდი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რა დროსაც სამართალდამცავებმა მისი პირადი ტელეფონი შეამოწმეს. კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა ერაყის ნაკრების ფოტოგრაფის, ტალალ სალაჰის შემთხვევა, რომელსაც ათსაათიანი შემოწმების შემდეგ აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა.
ჰაიტელი ფეხბურთელი ვუდენსკი პიერი კი ვიზის დაგვიანების გამო ახალ ზელანდიასთან ამხანაგურ მატჩს ვერ დაესწრო, ხოლო შვეიცარიელმა ბრიელ ემბოლომ აშშ-ში შესვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ბერნში მდებარე აშშ-ის საელჩოში დამატებითი გასაუბრება გაიარა.
FIFA-ს პოზიცია
FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია არ არის „მსოფლიოს მეფე“ და ვერ ჩაერევა სუვერენული სახელმწიფოების საიმიგრაციო გადაწყვეტილებებში. მისი თქმით, FIFA სპორტული ორგანიზაციაა და მათ მთავარი მიზანი ტურნირის გამართვაა, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობა გარკვეულ პასუხისმგებლობებს ითხოვს, მათ შორის მონაწილეების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.