იოან ვისამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწერა. 29 წლის თავდამსხმელმა ჰიუსტონში გამართულ მატჩში, პორტუგალიის წინააღმდეგ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. ეს შედეგი განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან კონგოელები მსოფლიო პირველობაზე 52-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ.

მატჩის მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ვისამ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით დალაშქრა მეტოქის კარი. გოლმა გაათანაბრა ანგარიში, მანამდე კი პორტუგალიელები ჟოაო ნევეშის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ.

ამ ისტორიული მომენტის მიღმა ვისას უმძიმესი პირადი ტრაგედია დგას. 2021 წლის ივლისში ფეხბურთელი მჟავით თავდასხმის მსხვერპლი გახდა. თავდამსხმელმა, რომელიც მისი შვილის გატაცებას ცდილობდა, ვისას სახეში ქიმიური ნივთიერება შეასხა. შედეგად, ფეხბურთელმა მძიმე დამწვრობები მიიღო და გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.

„საავადმყოფოში მითხრეს, რომ თვალები დამწვარი მქონდა. ყოველ საათში ვიღაც უნდა მოსულიყო და თვალები გამოერეცხა. ეს კოშმარი იყო“, — იხსენებს ფეხბურთელი სასამართლო ჩვენებაში. გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდა, თუმცა ვისამ კარიერა არ დაასრულა და ფეხბურთში დაბრუნდა.

თავდასხმამ ვისას ფსიქოლოგიური კვალიც დაატყო. ფეხბურთელი აღიარებს, რომ მას შემდეგ ხალხმრავლობის ეშინია, მარტო ძილი უჭირს და მუდმივად სიფხიზლეს ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, მან უარი თქვა სახის პლასტიკურ ოპერაციაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ცხოვრებისეული ისტორიის ნაწილია.

იოან ვისას ყოფილი თანაგუნდელები და მწვრთნელები მის სიმტკიცეს უსვამენ ხაზს. „რაც გამაოცა, იყო მისი ძლიერი ნება და ის, რომ არასდროს დანებდა“, — ამბობდა „ლორიანის“ ყოფილი მწვრთნელი კრისტოფ პელისიე. დღეს ვისა თავისი ქვეყნის ნამდვილი ლიდერია, რომელმაც ჰიუსტონში პორტუგალიასთან ფრედ (1-1) დასრულებულ მატჩში გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუპოვა.