კაბო-ვერდეს ნაკრების მეკარემ, 40 წლის ვოზინიამ, მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ესპანეთის წინააღმდეგ ნამდვილი სენსაცია მოახდინა. შეხვედრა, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა, მეკარის გმირული გარჯით დაამახსოვრდათ გულშემატკივრებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ემოციებისგან აცრემლებულმა ვოზინიამ თანაგუნდელებისგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს ფერან ტორესის, პედრისა და ემერიკ ლაპორტის დარტყმები არაერთხელ მოიგერია.

ვინ არის ვოზინია?

ვოზინიას ნამდვილი სახელი ჟოსიმარ ჟოზე ევორა დიაშსია. მეტსახელი „ვოზინია“, რაც პორტუგალიურად „პატარა ბებიას“ ნიშნავს, მას ბებიამ შეურჩია, რადგან ბავშვობაში დროს ძირითადად მასთან ატარებდა. თავად მეკარე ამ სახელს წლების განმავლობაში იყენებს, რადგან ანგოლაში თამაშისას არ სურდა მაისურზე „ჟოსიმარ II“ დაეწერა.

კარიერული გზა

40 წლის ფეხბურთელი ამჟამად პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბ „შავეშში“ გამოდის. მისი კარიერა კაბო-ვერდეში, „ბატუკეში“ დაიწყო, რის შემდეგაც მან არაერთი ქვეყანა გამოიარა: ანგოლა, მოლდოვა, პორტუგალია, კვიპროსი და სლოვაკეთი.

„ესპანეთთან მატჩის შემდეგ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ვტიროდი, რადგან მინდოდა, ჩემს ბებია-ბაბუას ეს ეხილათ, თუმცა ისინი წლების წინ გარდაიცვალნენ. ასევე, ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დედაჩემმა სტადიონზე მოსვლა ვერ შეძლო“, — განაცხადა მეკარემ მატჩის შემდეგ.

მსოფლიო აღიარება

მატჩის დასრულების შემდეგ ვოზინიას პოპულარობა მყისიერად გაიზარდა. მის Instagram-ზე გამომწერების რაოდენობა რამდენიმე საათში 500 000-დან 5 მილიონამდე გაიზარდა. მის თამაშს აღფრთოვანებით შეხვდა ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბაც, რომელმაც სოციალურ ქსელში კაბო-ვერდელი მეკარის ოსტატობა ცალკე პოსტით აღნიშნა.