ინდოეთში, სადაც ფეხბურთის გულშემატკივართა არმია მილიონებს ითვლის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო ტრანსლირების უფლებებთან დაკავშირებით დაძაბულობა პიკს აღწევს. ტურნირის დაწყებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, Zee Entertainment-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩიხში შესული მოლაპარაკებები

მედიაგიგანტების, Reliance-ისა და Disney-ს ერთობლივმა საწარმომ FIFA-სთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამჟამად მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რაც ტურნირის მაუწყებლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ზრდის. მულტიმილიარდერ მუკეშ ამბანის ხელმძღვანელობით, Reliance-Disney-მ უფლებებისთვის მხოლოდ 20 მილიონი დოლარი შესთავაზა, რაც FIFA-ს მოლოდინს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია თავდაპირველად 100 მილიონ დოლარს ითხოვდა 2026 და 2030 წლების ჩემპიონატების სალიცენზიო უფლებებისთვის. მოგვიანებით, ფასმა 60 მილიონამდე დაიწია, თუმცა ეს თანხაც კი სამჯერ აღემატება არსებულ შეთავაზებას.

რატომ არის ინდოეთი მნიშვნელოვანი

ინდოეთი FIFA-სთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ინდოეთმა გლობალური სატელევიზიო აუდიტორიის 2.9% შეადგინა. ქვეყანაში ჩემპიონატს 745 მილიონზე მეტი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, ხოლო ტელევიზიით მატჩებს 84 მილიონი მაყურებელი უყურებდა. ეს მაჩვენებელი აღემატება ისეთი საფეხბურთო ქვეყნების სტატისტიკას, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი.

Zee Entertainment-ის სტრატეგია

Zee Entertainment-მა მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საკუთარი სპორტული პორტფოლიოს, Unite8 Sports-ის გაშვების ფონზე გაასაჯაროვა. კომპანია ცდილობს, სპორტული კონტენტის გაძლიერებით საკუთარი პოზიციები ბაზარზე გაამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, ინდური მედია სიტუაციის განვითარებას მოუთმენლად ელოდება.

შეგახსენებთ, რომ Sony-მა, რომელიც ასევე განიხილავდა უფლებების შეძენას, საბოლოოდ უარი თქვა ოფიციალური შეთავაზების გაკეთებაზე. ამ დროისთვის FIFA-მ მსოფლიოს 180-ზე მეტ ტერიტორიაზე უკვე გააფორმა სატელევიზიო ხელშეკრულებები, თუმცა ინდოეთის ბაზარი კვლავ გამოწვევად რჩება.