სინგაპურის მონეტარულმა სამმართველომ (MAS) კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit და მისი კორპორატიული ერთეული, Bybit Fintech Limited, „ინვესტორთა გაფრთხილების სიაში“ (Investor Alert List) შეიყვანა. აღნიშნული რეესტრი იმ კომპანიებს აერთიანებს, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლებში მცდარი წარმოდგენა შექმნან იმის შესახებ, რომ ისინი სინგაპურის მარეგულირებლის მიერ არიან ლიცენზირებული ან რეგულირებადი.

მარეგულირებელს Bybit-ის სიით დამატების კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავს. თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, სიაში ხვდებიან ის სუბიექტები, რომელთა საინვესტიციო შეთავაზებები შესაძლოა მომხმარებლებმა შეცდომით მიიჩნიონ MAS-ის მიერ ავტორიზებულად.

მიუხედავად იმისა, რომ ბირჟის დამფუძნებელი სინგაპურელი მეწარმე ბენ ჟოუა, კომპანია ამ ქალაქ-სახელმწიფოში არ ოპერირებს. Bybit-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სინგაპური შეტანილია „მომსახურების შეზღუდვის მქონე ქვეყნების“ სიაში, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივ მომხმარებლებს ბირჟის სერვისებით სარგებლობა ეკრძალებათ.

მკაცრი ზედამხედველობა სინგაპურში

სინგაპური კრიპტოვალუტების გლობალურ ცენტრად რჩება, თუმცა ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ორგანო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს. მაისში MAS-მა ლიცენზია გაუუქმა კრიპტო-ლიკვიდურობის პროვაიდერ Bsquared Technology-ს, რეგულაციების სერიოზული დარღვევებისა და რისკების მართვის სუსტი პოლიტიკის გამო.

მარეგულირებლის ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ არაერთხელ მიაწოდა ხელისუფლებას მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, როგორც ლიცენზიის მოთხოვნის პროცესში, ისე შემდგომი ინსპექტირების დროს. პარალელურად, სინგაპურის პოლიციამ ბრალი წაუყენა კრიპტოლენდინგური პლატფორმა Hodlnaut-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, თაღლითობის ექვსი ეპიზოდის გამო.

Hodlnaut-მა, რომელიც 2022 წელს Terra-ს ეკოსისტემის კრახის შემდეგ განიცდიდა პრობლემებს, მომხმარებელთა თანხების გატანა შეაჩერა და შემდგომ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. სინგაპური კვლავ აგრძელებს ფინანსური სექტორის აქტიურ მონიტორინგს, რათა თავიდან აიცილოს არარეგულირებადი სერვისების მიერ ინვესტორთა შეცდომაში შეყვანა.