საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ოფიციალურ განმარტებას ავრცელებს გემ SILVAR-თან დაკავშირებით, რომელიც ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა. უწყების განცხადებით, ხომალდის საქართველოში ყოფნა აბსოლუტურად კანონიერი იყო, რადგან ვიზიტის პერიოდში მასზე არანაირი საერთაშორისო შეზღუდვა არ მოქმედებდა.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ბრიტანული მხარის ცნობით, სიაში აღმოჩნდა გემი SILVAR-იც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს პორტებში იმყოფებოდა.
საზღვაო სააგენტოს მონაცემებით, გემმა კულევის პორტში თებერვალში დაიდო ბინა. უწყება ხაზს უსვამს, რომ გემის შემოსვლამდე კომპეტენტურმა ორგანოებმა მრავალფენიანი შემოწმება განახორციელეს. შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა არანაირი აქტიური საერთაშორისო სანქცია ან სამართლებრივი აკრძალვა როგორც გემზე, ისე მის მფლობელსა და ოპერატორზე.
სააგენტოს ინფორმაციით, იმ პერიოდში გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა, გააჩნდა Lloyd’s Register-ის მოქმედი კლასიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი საზღვაო დაზღვევა. გემის მფლობელი და ტექნიკური მენეჯერი იდენტიფიცირებული იყო.
უწყების თქმით, გემმა 2025 წლის დეკემბერში, დანიის სანაპიროსთან, პორტის სახელმწიფო კონტროლის ინსპექცია გაიარა. შემოწმებამ მხოლოდ ოთხი უმნიშვნელო ხარვეზი გამოავლინა, რასაც ხომალდის დაკავება არ მოჰყოლია. ეს კი საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
„საქართველო არ არის და არც გახდება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა“, — აცხადებენ სააგენტოში. უწყება აკრიტიკებს ბრიტანული მხარის მცდელობას, დააკავშიროს საქართველო გემთან, რომელსაც ქვეყანაში ყოფნისას სანქციები არ ჰქონია.
სააგენტოს განმარტებით, სანქციების ეფექტიანობა სამართლებრივ სიცხადეს ეფუძნება. მათივე თქმით, დაუშვებელია გემის საქმიანობის შეფასება იმ სანქციების საფუძველზე, რომლებიც მის საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაწესდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.