კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ი შეუერთდა იმ პლატფორმების სიას, რომლებიც მომხმარებლებს აშშ-ის ბაზარზე გასული კომპანიების აქციების ტოკენიზებულ ვერსიებზე წვდომას სთავაზობენ. პროცესი SpaceX-ის საჯარო შეთავაზებით იწყება, რომელიც xStocks-ის ინფრასტრუქტურას ეყრდნობა.

xStocks-ის პლატფორმა, რომელიც Kraken-ის მშობელი კომპანიის, Payward Services-ის საკუთრებაა, ინვესტორთა მოთხოვნას აერთიანებს. სისტემა თანამშრომლობს ანდერრაიტერებთან, რათა IPO-ს ფარგლებში აქციების გამოყოფა უზრუნველყოს, შემდგომში კი მათ ტოკენიზაცია მოახდინოს.

დაინტერესებულ მომხმარებლებს Bybit-ის პლატფორმაზე განაცხადების შეტანა უკვე შეუძლიათ. განაწილება პროპორციული წესით მოხდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ხელმისაწვდომ აქციებს გადააჭარბებს, გამოუყენებელი თანხა ინვესტორებს უკან დაუბრუნდებათ. SpaceX-ის ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობა Bybit-ის სპოტ ბაზარზე 12 ივნისს დაიწყება.

Bybit-ის განცხადებით, 12 ივნისს, ლისტინგის დღეს, აქციები სრულად იქნება უზრუნველყოფილი 1:1 თანაფარდობით. ისინი დაცული იქნება რეგულირებადი საბროკერო-დილერული სისტემით. RWA.xyz-ის მონაცემებით, xStocks დღეისთვის ტოკენიზებული აქციების ბაზარზე სიდიდით მეორე პლატფორმაა, რომელიც ბაზრის 28%-ს აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია 110-ზე მეტ ბაზარზე, თუმცა რეგულაციების გამო მასში ვერ მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის რეზიდენტები. პარალელურად, Coinbase-მაც წარადგინა SpaceX-ის წინასწარი IPO ბაზარი, რომელიც მომხმარებლებს ფიუჩერსული კონტრაქტების მეშვეობით კომპანიის შეფასებაზე წვდომას აძლევს.

SpaceX-ის რეკორდული დებიუტი

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX საჰაერო-კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერია. კომპანიამ, რომელიც ცნობილია Falcon-ის რაკეტებითა და Starlink-ის ქსელით, აპრილში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიას (SEC) კონფიდენციალური განაცხადი უკვე წარუდგინა.

ექსპერტთა შეფასებით, SpaceX-ის საჯარო დებიუტი შეიძლება გახდეს ისტორიაში ყველაზე დიდი IPO. კომპანია, სავარაუდოდ, 1.8 ტრილიონი დოლარის შეფასებასა და 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. საინტერესოა, რომ 20 მაისის მონაცემებით, SpaceX-ი ფლობს 18 712 ბიტკოინს, რაც მას მსოფლიოს კორპორატიულ მფლობელებს შორის ტოპ-10-ში ათავსებს.